ეროს რამაზოტის გრანდიოზული შოუ სპორტის სასახლეში

0
70

იტალიელი მომღერლის ეროს რამაზოტის გრანდიოზული შოუ 24 აპრილს სპორტის სასახლეში გაიმართა. პროექტის “Check In Georgia“ ფარგლებში ეს უცხოელი მომღერლის პირველი კონცერტია, რომელიც საქართველოში ჩატარდა. რამაზოტის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქს უამრავი სხვა შემსრულებელი თუ ჯგუფი ესტუმრება კონცერტების გასამართად.

რაც შეეხება ეროს რამაზოტის, ის თბილისში კონცერტამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა. სპორტის სასახლეში სპეციალური აპარატურა და სცენა დამონტაჟდა, ასევე დიდი ეკრანი, სადაც შოუს შემადგენელი 3 დე ვიდეოები უნდა გასულიყო. ბილეთები მთლიანად გაიყიდა. რამაზოტის ქართველი თაყვანისმცემლები საყვარელი მომღერლის მომსასმენად და სანახავად ორი საათით ადრე შეიკრიბნენ. ექვს საათზე უკვე კარები გაღებული იყო. დარბაზი თანდათან შეივსო და კონცერტი ზუსტად 8 საათზე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ რამაზოტის მენეჯერებმა დაცვის საკმაოდ მკაცრი მუშაობა მოითხოვეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ თქვენი ჩანთიდან სუნამოსაც კი ამოიღებდნენ და დაგატოვებინებდნენ.

სცენა, სადაც რამაზოტი და მისი გუნდი მუშაობდნენ, ბენდი და ბექ-ვოკალები, შესანიშნავად გამოიყურებოდა. უდიდეს ეკრანზე სპეციალურად შოუსთვის მომზადებული ვიდეოები გადიოდა, რამაზოტი კი ბოლომდე დაიხარჯა, ყველა ცნობილი სიმღერა შეასრულა, რომელთაგან განსაკუთრებული ვნებათაღელვა, სტვენა და ტაში მის ჰიტს მოჰყვა, სახელად “Piu Che Puoi“, რომელსაც შერისთან ერთად ასრულებდა. სიმღერები ალბომიდან “Perfetto“ შესრულდა.

რამაზოტი მაყურებელთან მუდმივ ინტერაქციაში იყო, რამდენიმე ფანთან ერთად, რომლებმაც ორიოდ იტალიური ფრაზის მიკროფონში თქმას მოაბეს თავი, სელფებიც გადაიღო. სცენიდან ძალიან ხშირად ისმოდა მადლობა, რომელსაც ის ქართველ მაყურებელს აქტიურობისთვის უხდიდა. როგორც ჩანს, პრესკონფერენციაზე ნათქვამი “სპასიბას“ შემდეგ ქართულად ნათქვამმა მადლობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

შოუს კი ნამდვილად არაფერი დაეწუნებოდა. ეროს რამაზოტიმ ქართველ მსმენელს ორსაათიანი პროგრამა წარუდგინა.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here