„ბლექ სი არენა“ წელს ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას გვთავაზობს. შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის სცენაზე წარმოდგენილი იქნება პროექტები ნებისმიერი გემოვნების მაყურებლისთვის. „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში სცენაზე გამოდიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლები, რომლებიც სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებას წარმოადგენენ.
ერთ-ერთი ასეთი ორიგინალური პროექტი, რომელიც ამერიკელ მუსიკოსს, ერიკ ბენეს ეკუთვნის, „ბლექ სი არენაზე“ 10 აგვისტოსთვისაა ჩანიშნული. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არენას დირექტორმა, ანი კავლელიშვილმა განაცხადა, მოლაპარაკებები ერიკ ბენესთან თითქმის დასრულებულია და ის „სოულის ღამეს“ მსოფლიოში აღიარებულ, 5 „გრემის“ და არაერთი სხვა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელ სი ლო გრინთან ერთად წარმოადგენს. სი ლო გრინის ყველაზე ცნობილი სიმღერა, რომლითაც მან სახელი გაითქვა, გახლავთ „Forget You“. ის რამდენიმე სეზონზე ყველაზე რეიტინგული მუსიკალური შოუს „ვოისის“ ჟიურის წევრიც იყო.
„სოულის ღამის“ საქართველოში გამართვის იდეა ერიკ ბენეს ეკუთვნის. ის გასულ წელს საქართველოს სტუმრობდა და „ბლექ სი არენას“ დარბაზის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. არენას ხელმძღვანელობასთან თავად აწარმოებდა მოლაპარაკებას მათ სცენაზე თავისი პროექტის გამართვის შესახებ. სი ლო გრინი მისი ახლო მეგობარია. აღსანიშნავია, რომ როგორც ჩვენმა რესპონდენტმა, ანი კავლელიშვილმა „ფორტუნასთან“ საუბრისას თქვა, ერიკ ბენე აქტიურ პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო საკონცერტო ლოკაციას მთელ მსოფლიოში და მოხარულია, რომ აქ დაბრუნების საშუალება მიეცა. მას ჩამოჰყავს ვარსკვლავური ბენდი, რომელთაგან ყველა მსოფლიოში აღიარებულ არტისტებთან თანამშრომლობს.
რაც შეეხება პროგრამას, ის მოიცავს ერი ბენეს 45-წუთიან და სი ლო გრინის ერთ საათიან გამოსვლას, მათ შორის იქნება ორივე არტისტის კოლაბორაციებიც. ჟანრის მოყვარულებისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო ღონისძიება იქნება.
ნინო მურღულია
https://www.youtube.com/watch?v=bKxodgpyGec