ექსკლუზივი – როდის გავა ეთერში ინგა გრიგოლიას ახალი გადაცემა და რა აღიზიანებს ჟურნალისტს?!

0
37

რამდენიმე დღეში ინგა გრიგოლია ტელეეკრანებიდან კვლავ მიესალმება მაყურებელს – ჟურნალისტი, რომელიც უკვე მერვედ იწყებს ყველაფერს ნულიდან, უკვე რამდენიმე თვეა რაც ტელეკომპანია “პირველის“ გენერალური პროდიუსერის ამპლუაში გვევლინება.

რა სიახლეებს შესთავაზებს მაყურებელს, რაში გაცვალეს “რეაქცია“ პატარკაციშვილების ოჯახმა და რა აღიზიანებს ინგა გრიგოლიას?! – ამ ყველაფრის შესახებ თავად ჟურნალისტი მოგვიყვება…

ახლახან დაბრუნდი ეგვიპტიდან, როგორ დაისვენე?

– უბრალოდ უიქენდზე ვიყავი სამი დღით წასული. მეგობრებთან ერთად გადავფრინდი და გადმოვფრინდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ როდესაც წინ ძალიან ბევრი საქმე გაქვს, დრო არ უნდა დაკარგო შორ გზაზე წასვლაში, იმიტომ რომ ის სამი დღე ვიჯექი “ეკლებზე“, რადგან აქ ამ დროს ადამიანები უკვე ემზადებიან ეთერში გასასვლელად.

როდიდან დაიწყება შენი ახალი გადაცემა და რას უნდა ელოდოს მაყურებელი?

– 1 თებერვლიდან გავა ეთერში გადაცემა და, ასე ვთქვათ, სიახლე მაქვს – იმის გაკეთებას ვაპირებ, რაც აქამდე არ მიკეთებია. ვჯდები საინფორმაციო გამოშვების წამყვანად, ოღონდ ეს არ იქნება ჩვეულებრივი ნიუსები, იქნება უფრო მეტი ვიდრე ნიუსი. გარდა ამისა იქნება სტანდარტული საინფორმაციო გამოშვებაც, მთლიანად ვცვლით არხის კონცეფციას, რომელიც აქამდე იყო სპორტული. მე წავიყვან დღის გამოშვებას, დღეში სამჯერ, 1-ზე, 4-ზე და 7-ზე, ეს იქნება ნიუს-თოქ-შოუ, მთავარი თემებით და ამ თემების სტუმრების მონაწილეობით. 8 საათზე იქნებიან დღეგამოშვებით ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია. კიდევ ერთი საინტერესო სიახლეა, შეიძლება ითქვას, როლები გავცვალეთ – ლევან ჯავახიშვილი, რომელიც აქამდე მხოლოდ საინფორმაციოს წამყვანი იყო, შაბათს და კვირას 8 საათზე გააკეთებს ძალიან საინტერესო თოქ-შოუს, სტუმრების მონაწილეობით, რომელიც იქნება საზოგადოებრივ-სოციალურ-პოლიტიკური.

გადაცემის სახელწოდება რა იქნება?

– ვინაიდან მე ჩემი საავტორი გადაცემა არ მაქვს, გადაცემას ქვია ძალიან მარტივად “ინგა გრიგოლიას დღის ამბები“.

ინგა “იმედში“ შენი გადაცემის დახურვის შემდეგ შენი გუნდიც წამოვიდა არხიდან…

– დიახ, როდესაც “გამომაგდეს“ იმედიდან, ჩემი გუნდიც წამოვიდა ჩემთან ერთად და გადანაწილდნენ სხვადასხვა ტელევიზიებში. პირველივე დღეებში მიიღეს შემოთავაზებები, იმიტომ რომ ძალიან პროფესიონალი იყო ყველა და ძალიან მიხარია რომ “რეაქციის“ არცერთი წარმომადგენელი არ დარჩენილა უმუშევარი.

ახალ გუნდს როგორ შეეგუე?

– კარგად. აქამდე სულ ჩემს გუნდთან ერთად ვაკეთებდი ყველაფერს. რეალურად “იმედში“ მიზანი იყო, რომ ინგა გრიგოლია გამოეგდოთ – დავალება ჰქონდათ ასეთი. ბიზნეს-გარიგებაში გაცვალეს პატარკაციშვილებმა ეს გადაცემა. ჩემს გუნდს კი არავინ ეხებოდა, ამიტომ ვთხოვდი მათ, რომ დარჩენილიყვნენ. თითოეული მათგანის მიმართ მქონდა პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ყველა ჩემი წაყვანილი იყო სხვადასხვა სამსახურებიდან და ძალიან მაშფოთებდა ეს ამბავი, მაგრამ ამ ადამიანების გადაწყვეტილება მათ ღირსებას უკავშირდებოდა და პასუხი იყო “გადაცემა, რომელშიც მთელ სულსა და გულს ვდებდით, როდესაც ასე უპასუხოდ იხურება ჩვენ იქ არ დავრჩებით“. შესაბამისად, მე აღარ შემითავაზებია მათთვის რომ მოდი ისევ ერთად შევიკრიბოთ, მოდი ისევ ერთად ნულიდან დავიწყოთ ყველაფერი… ისინი უკვე მუშაობენ სხვადასხვა არხებზე. მიზეზი, რატომაც აღარ შევთავაზე მათ ჩემთან მუშაობა, არის, პირველ რიგში, ის რომ ამ ადამიანებმა ერთხელ ჩემი წყალობით კინაღამ დაინგრიეს ყველაფერი, ძალიან ვნერვიულობდი ამ თემაზე და მეორეც – მე აღარ მაქვს იმის გარანტია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ არ აღმოვჩნდები იგივე მდგომარეობაში, რომ ვიღაც არ მეტყვის “დამთავრდა შენი გადაცემა“, გამომდინარე იქიდან რომ მერვედ ვიწყებ უკვე ყველაფერს თავიდან გუნდით უკვე ვეღარ გავრისკე. ახალ გუნდთან ერთად ვაკეთებ ახლა ყველაფერს, ვინც აქ დამხვდნენ და კიდევ სამი ახალი საკმაოდ გამოცდილი პროდიუსერი ჰყავს არხს.

ინგა უკვე წლებია ჟურნალისტიკაში ხარ და მთელი ეს დრო შენ მიმართ მუდმივად არის ინტერესი. ხომ არ გაღიზიანებს როდესაც სხვადასხვა გამოცემები შენ თითოეულ ნაბიჯზე წერენ?

– მაღიზიანებსმეთქი ვერ ვიტყვი, უბრალოდ მეცინება ხოლმე. მართლა ძალიან სასაცილოა, როდესაც ჩემი თითოეული სოციალური აქტივობა ნიუსდება. მე მესმის, რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ალბათ იმისთვის დავიბადე, რომ საინფორმაციო სააგენტოებს ბევრი მასალა ჰქონოდათ, ეს, რა თქმა უნდა ხუმრობით, ისე კი, მე დიდი ხანია აღარაფერი მაღიზიანებს, უსამართლობის გარდა.

წარმატებებს გისურვებთ…

გუგა ლეჟავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here