ექსკლუზივი – “მაესტროზე“ ოთარ ტატიშვილის შოუ დახურეს

0
397

“მაინტერესებს, რა თანხებით აკეთებენ ახალ თოქ-შოუს, მით უმეტეს, თუ გაკოტრდნენ…“

ოთარ ტატიშვილის შოუ “მაესტროზე“ აღარ გავა. ამის შესახებ თავად ტელეწამყვანმა გვითხრა, როდესაც ახალი სეზონის შესახებ შეკითხვა დავუსვით. ამჟამად ოთარი მხოლოდ “შუა ქალაქშია“ დაკავებული, გადაცემის სხვა არხზე გადატანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ახალ წლამდე, ოთარის თქმით, ამ მხრივ სიახლეს არ ელოდება.

– ოთარ, ახალ სეზონზე რა სიახლეები გაქვთ?

– ახალი სეზონი არ იქნება, რადგან “მაესტრომ“ გადაცემა დახურა.

– არის რაიმე სხვა შემოთავაზება?

– ჯერ არა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ არ მგონია, ახალ წლამდე ამ მხრივ რაიმე სიახლე იყოს. ახალი წლის შემდეგ შესაძლოა, სხვა არხზე გამოვჩნდეთ.

– გადაცემის დახურვის მიზეზი გითხრეს?

– ალბათ, ტელეკომპანია “მაესტროს“ უკეთესი გადაცემები აქვს და ჩემი გადაცემა აღარ უნდოდა. ივლისის შუა რიცხვებში ვიცოდით, რომ შეიძლებოდა, გადაცემა ეთერში აღარ გასულიყო, ივლისის ბოლოს კი დანამდვილებით გვითხრეს. მიზეზად დაგვისახელეს ის, რომ თანხები არ აქვთ. ძალიან მაინტერესებს, ახალ თოქ-შოუს რა თანხებით აკეთებენ (მით უმეტეს, თუ გაკოტრდნენ), პოლიტიკურ თოქ-შოუს ვგულისხმობ, ქართველებს ხომ გონი გვეკეტება პოლიტიკაზე…

– ალბათ, გული გწყდებათ…

– რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ “მაესტროზე“ ერთი წელი ვაკეთეთ ეს გადაცემა და ამ არხის პირობაზე, საკმაოდ კარგი რეიტინგი გვქონდა. გადაწყვიტეს დახურვა და ხომ არ დავაძალებდით.

– “იმედში“ დაბრუნებაზე ხომ არ ფიქრობთ?

– ამ თემაზე არ მინდა საუბარი.

– ახლა მხოლოდ “შუა ქალაქში“ ხართ?

– დიახ. მშვიდად და წყნარად. რითაც დავიწყე, იმით ვაგრძელებ (იღიმის).

– “შუა ქალაქი“ უკვე ბრენდია, თუმცა ზოგიერთი ამბობს, რომ ძალიან გაუგრძელდა სერიალს არსებობა და თქვენ როგორ ხვდებით ამგვარ კრიტიკას?

– ამ ხალხს ვერაფერი გავუგე. რომ დავამთავრეთ სერიალი, ქუჩაში მხვდებოდნენ და მლანძღავდნენ, რატომ აღარ აგრძელებთო. ახლა კი აკრიტიკებენ, რატომ გააგრძელესო? მე არ მსმენია ეს მოსაზრებები, მაგრამ თუ არსებობს, შემიძლია ვუპასუხო, რომ ვისაც მოსწონს უყუროს, ვისაც არა – ნუ უყურებს!.. ამის გამო ხომ არ შეიძლება, კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხო ადამიანს? თუ რეიტინგებს შევხედავთ, საპირისპიროს მეტყველებს, ხალხი უყურებს, განსხვავებულია, პერსონაჟები მართლაც შეცვლილები არიან და მსახიობებიც არ აკლებენ ცდას. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება. ისე, კრიტიკის შესახებ პირველად თქვენგან გავიგე…

– როგორ არა, სოციალურ ქსელში წააწყდებით ამგვარ მოსაზრებებს…

– სოციალური ქსელი ხომ ზოგადად სალანძღავ ტრიბუნად გადაიქცა. მგონია, რომ ვიღაცები ჩასაფრებულები არიან, რომ სხვები გამოლანძღონ და ყველაზე მეტს ის ლაპარაკობს, ვისაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია. ამაში დარწმუნებული ვარ.

ჩემი სოციალური ქსელი და საზოგადოება არის, როცა ქუჩაში გამაჩერებს ბავშვი, ჩემი ხნის ან ჩემზე უფროსი ასაკის ადამიანი, ფოტოს გადაიღებს, ჩამეხუტება და მეტყვის, როგორ გამიხარდა შენი ნახვაო. ეს მე ნამდვილად არ მოკლებია და ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასე მხვდება. ასეთ დღეებში სტიმული მეძლევა, რომ კიდევ რაღაც გავაკეთო. ვიღაც ბოღმით სავსე სოციალურ ქსელში თუ რაღაცას დაწერს, ეს მისი პრობლემაა.

– სოციალური ქსელი თავად არ გაქვთ?

– არა. სხვათა შორის, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ ჩემი სახელით არის შექმნილი გვერდები, მაგრამ ჩემი არც ერთი არ არის. ანტიბიოტიკი ხომ კაცობრიობის ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონებაა? ამას მე, როგორც ექიმი გეუბნებით, მაგრამ უზომო რაოდენობით მისი მიღება არ ვარგა. იმავეს თქმა შემიძლია სოციალურ ქსელზე, რომელიც ამ ბოლო დროს ბოროტებად იქცა და 80% ერთმანეთის ლანძღვა-გინებაა. ამიტომაც არ მქონია არასდროს. თავიდან დამეზარა შექმნა, რადგან ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთობა მირჩევნია. თუ მე თქვენთან მინდა ურთიერთობა, მოგწერთ ესემესს, რომელსაც მხოლოდ თქვენ ნახავთ. რად მინდა სტატუსის გამოქვეყნება, მე დღეს გივიას დუქანში პახმელიაზე გამოვდივარ და ხინკალს ვჭან, ახლა თურქეთში ვარ, ახლა ამ ქალთან უნდა დავწვე-მეთქი… ეს რა უბედურებაა და რა გამოსაქვეყნებელია. ბარემ ის სტატუსი გამოაქვეყნონ, მოძღვარს აღსარებაში რას ეუბნებიან. რაღაც ინტიმური ხომ უნდა დაიტოვონ ადამიანებმა? ნელ-ნელა სოციალურმა ქსელმა, და ეს ჩემი სუბიექტური აზრია, არასწორი მიმართულება მიიღო. თუ სურთ, გამლანძღონ ამ მოსაზრების გამო. თქვენ არ მეთანხმებით?

– თქვენნაირი ცნობილი ადამიანები ფეისბუქზე საკუთარ შეხედულებებსაც გამოთქვამენ მიმდინარე თემებზე…

– არანაირი ცნობილი ადამიანი მე არ ვარ, არავის ჩემი აზრი არ აინტერესებს და ჩემი მოსაზრებების გარეშეც უამრავი სისულელე ქვეყნდება სოციალურ ქსელში. კიდევ მე რომ დავემატო, არ მინდა. ყოველი დილა ყველა სამსახურში იწყება იმის განხილვით, ვინ რა სტატუსი გამოაქვეყნა. ჩემს შვილებს აქვთ გვერდები, ზოგჯერ ამბობენ, უიმე, ამან რა დაწერა და იმან რა დაწერაო. თუ უიმე, გამოდი ამ ქსელიდან და დაანებე თავი.

– ზოგადად, ინტერნეტი, სოციალური ქსელები პოპულარობის მოპოვების კარგი საშუალება გახდა. ტელეშოუებიც, სადაც გახდის გამო ადამიანები პოპულარულები ხდებიან. ამაზე რას ფიქრობთ?

– მე რატომ არ ვიხდი, ამას მეკითხებით (იღიმის)?

– არა, სტუმრები იხდიან ძირითადად.

– ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ცუდს ვერაფერს ვხედავ, ზოგი მაგარ სპექტაკლში ითამაშებს და ამით გახდება პოპულარული, ზოგი კარგ ოპერაციას გააკეთებს, დახატავს, სიმღერას დაწერს, ლელოს დადებს, ზოგი გაიხდის და ზოგიც ჩაიცვამს, ზოგი ვიღაცას შეაგინებს და ა.შ.