ექსკლუზიური კადრები Gem Fest 2016-დან – როდიდან გახდება ფესტივალი ერთთვიანი?!

0
3462

ანაკლიამ 10-დან 14 აგვისტოს ჩათვლით კიდევ ერთ მუსიკალურ ფესტივალს – Gem Fest-ს, უკვე მეორედ უმასპინძლა. ყველაფერი გასულ წელს გიორგი სიგუას ხელმძღვანელობით დაიწყო, თუმცა წელს კიდევ უფრო ფართო მასშტაბები შეიძინა და ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა. პროექტმა სტარტი სულ რამდენიმე თვეა რაც აიღო, თუმცა უკვე არაერთ მსოფლიო დონის არტისტს უმასპინძლა. ამ მხრივ არც Gem Fest გახლდათ გამონაკლი – ლაინ აიფში ისეთ მუსიკოსებს მოკრავდით თვალს, როგორებიც არიან Fedde Le Grand, GusGus, Boris Brejcha, Paul Kalkbrenner, Paul van Dyk და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის გახსნის პატივი Paul van Dyk-ს ხვდა წილად, რომლის გამოსვლაც საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან გაურკვეველი მიზეზების გამო ფესტივალის ტერიტორიაზე ელექტრო ენერგია გაითიშა, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი დროულად, რამდენიმე წუთში მოგვარდა, მოგვიანებით კი სცენა გრემის მფლობელმა გერმანელმა დიჯეიმ დაიკავა.

მსმენელის განსაკუთრებული ოვაციები კი Paul Kalkbrenner-მა დაიმსახურა. უნდა ითქვას, რომ ის ერთადერთი მუსიკოსი იყო, რომლის სცენაზე გამოსვლასაც Gem Fest-ის ყველა სტუმარი უკლებლივ ელოდა და ლოდინი ნამდვილად ღირდა.

მუსიკის გარდა ფესტივალის სტუმრებს სხვა არაერთი გასართობი ელოდა, კაფე-ბარები, სხვადასხვა გასართობი აქტივობები, გრანდიოზული ფეიერვერკი და რა თქმა უნდა ფერების ფესტივალი.

თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სტუმრები ფესტივალზე არსებულ პრობლემებზე საუბარსაც არ ერიდებოდნენ. ქართული ფესტივალების მუდმივი პრობლემა – საპირფარეშოები, არც ამჯერად მოგვარებულა. თუკი სტუმრები ორგანიზატორების მუშაობით კმაყოფილნი დარჩნენ, ბუნებამ ნამდვილად გაანაწყენა – 14 აგვისტოს ღამე – Gem Fest-ის დახურვა საკმაოდ წვიმიანი გამოდგა, თუმცა ამ ყველაფერს დადებითი განწყობისთვის ხელი სულაც არ შეუშლია.

საბოლოო ჯამში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Gem Fest 2016 შედგა და საქართველოში “დაჩექინება“, არამხოლოდ ქართველმა მსმენელმა და უცხოელმა დიჯეებმა, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ტურისტებმაც შეძლეს.

სიახლის სახით კი გეტყვით, რომ 2017 წელს Gem Fest გრანდიოზულ მასშტაბებს შეიძენს და ერთთვიანი გახდება…

ჟურნალისტი: გუგა ლეჟავა
ფოტოგრაფი: Vato Griffin

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here