ეკა მიშველაძეს “პირველმა არხმა“ გაბედნიერება გადაცემის დახურვით მიულოცა

0
51

“საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა საზოგადოებას და ჟურნალისტ ეკა მიშველაძის მისი გადაცემის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე გააცნო, რომელიც “Holiday Inn”-ში დღეს გაიმართა.

ეკა მიშველაძის კითხვას გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით მან ასე უპასუხა: “ქალბატონო ეკა, გილოცავთ გაბედნიერებას, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა”. ბასა ჯანიკაშვილმა შეხვედრაზე ამოიკითხა ამონარიდი “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კოდექსიდან, რომლის თანახმადაც, “საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი არ უნდა აშუქებდეს მისი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს“. ეკა მიშველაძე კი ახლახან გათხოვდა “თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერ, ბუკა პეტრიაშვილზე. თავის მხრივ, ტელეწამყვანმა აღნიშნა: “არ ვიცოდი, რომ გათხოვება უხერხული იყო…“

მედიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრაზე მედიაექსპერტი ია ანთაძეც იმყოფებოდა. მას ვთხოვეთ “პირველი არხის“ გადაწყვეტილების შეფასება.

ია ანთაძე:

მე იქ ვიყავი, სადაც ეს ამბავი მოხდა. ამ ამბავს აქვს ორი მხარე, ერთია იურიდიული, რომლის დეტალების განხილვას მე ვერ მოვყვები, ვინაიდან არ გახლავართ იურისტი და არ შემისწავლია დოკუმენტაცია, ანუ აქვს თუ არა იურიდიული საფუძველი, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს უკავშირდება, ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვას. მეორე კი გახლავთ ის ფორმა, რომლითაც ეკა მიშველაძესა და საზოგადოებას ეს ინფორმაცია მიაწოდეს. ეს არის უხეში, არასწორი, უხერხული და ძალიან გაუმართლებელი. თუკი ადამიანს გადაცემას უხურავ, ეს ისე უნდა უთხრა, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენო უამრავი კოლეგის წინაშე.

ინტერნეტსივრცეში უკვე ავლებენ პარალელს ეკა კვესიტაძესთან, რომელიც “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ პოლიტიკურ თოქ შოუს უძღვებოდა მაშინ, როდესაც მისი მეუღლე შოთა უტიაშვილი შსს-ში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.

არ მახსოვს, ეკა კვესიტაძის დროს ვინ იყო “პირველი არხის“ მენეჯმენტში, მაგრამ მახსოვს, რომ სხვა ბორდი მუშაობდა და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუკი ამ გადაწყვეტილებას აქვს იურიდიული საფუძველი, მაშინ ორივე შემთხვევაში უნდა ამუშავებულიყო.

მეორე მხრივ, მაშინ ეკა კვესიტაძე მისაღები გახლდათ როგორც მენეჯმენტისთვის, ისე ბორდისთვის სწორედ იმ მიზეზით, თუ ვინ იყო მისი ოჯახის წევრი.

ეს ორი შემთხვევა ჰგავს ერთმანეთს და პარალელი სამართლიანად არის გავლებული მათ შორის. ერთ შემთხვევაში ჟურნალისტის მეუღლე იყო ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები პირი, მეორე შემთხვევაში კი ეს გახლავთ პოლიტიკური ლიდერი.

როგორ ფიქრობთ, მიიღებდა თუ არ “პირველი არხი“ ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვის გადაწყვეტილებას, მას თავისი ცხოვრება არა ოპოზიციონერისთვის, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლისთვის რომ დაეკავშირებინა?

ვერ გეტყვით, ამაზე აზრი ვერ მექნება.

ახლახან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეკა მიშველაძემ შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: “ყველას გაინტერესებთ, ვიცი და ამიტომ აქ დავწერ: დღეს მედიაკოალიციის შეხვედრაზე, საზმაუს გენდირექტორის მრჩეველს არ უთქვამს, რომ დაიხურა გადაცემა. ყოველ შემთხვევაში, ცალსახად არ უთქვამს. მომილოცა გათხოვება, საკმაოდ უცნაური ირონიული ფორმით. თუმცა ეგ არაფერი, გამოუცდელი “ტელევიზიონშიკია“ და ალბათ, მერე უკეთ გაერკვევა სატელევიზიო ნიუანსებში. ეთიკა, სტანდარტი, პროფესიონალიზმი – არის ასეთი ცნებები და საჭიროა ამაზე ინფორმაცია. არ დავზარდები, ყველას შემიძლია, მასტერკლასი ჩავუტარო“.