“ეკა ხოფერიამ გადაწყვიტა, მათ შორის ყველაზე უბედური აწუწუნოს“ – რის გამო აკრიტიკებენ ტელეწამყვანს

0
27

ეკა ხოფერიას ჟურნალის “სითის“ ახალ წამოწყებას, რომელიც ქალბატონებს წონაში დაკლებისკენ და ჟურნალის შესაბამის პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს, გამოხმაურება მოჰყვა მათ შორის, ვისაც ეს იდეა დიდად არ ეპიტნავა. ხოფერიას პროექტი იმასაც გულისხმობს, რომ ამ ყველაფრის შესახებ მისმა მონაწილეებმა მცირე ბლოგები დაწერონ სოციალურ ქსელში.

ფეისბუქზე გამოჩნდა ანა არღანიშვილის პოსტი ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც ის წერს: “მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ ქალებმა თავისი ტანი ისეთი უნდა შეიყვარონ, როგორიც აქვთ. გარედან თავს მოხვეული სილამაზის ნორმების გამო, ცხოვრების ხარისხი არ გაიფუჭონ და უბედურები არ იყვნენ, მაგრამ ეკა ხოფერიამ გადაწყვიტა, მათ შორის ყველაზე უბედური აღმოაჩინოს და აწუწუნოს, როგორ გასუქდნენ, ათქმევინოს, რომ მახინჯები არიან და მერე ერთ-ერთს საჩუქრად ფიტნესის აბონემენტი გადასცეს. ქალებო, რატომ აკეთებინებთ ამას თქვენზე? ეგ ფიტნესი უშველის თქვენს დავარდნილ თვითშეფასებას და ამდენ დამამცირებელ ემოციას, კომენტარებში რომ გისამძიმრებენ?“

ამ შეფასებას თავად ტელეწამყვანი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა.

“ძვირფასო ანა, მგონი, ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ წონაში მომატებული გოგონები და ქალები დაკომპლექსებული და უბედურები არიან. ძალიან ბევრი, ვინც მოგვწერა, წარმატებული, ძლიერი და თავისუფალი ქალბატონია. ზოგი დიდ საწარმოს ხელმძღვანელობს, ზოგი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელია, ზოგი მრავალშვილიანი საქმიანი დედა, ზოგს ეს ყველაფერი წინ აქვს. უმეტესობა წერს ირონიით, ყვება საინტერესო ისტორიას და ხალისით ერთვება ამ პროექტში. მოსუქებულები ან მოპუტკუნებულები უბედურები და დაკომპლექსებულები არ ვართ, საკმაოდ მაღალი თვითშეფასება გვაქვს და ვფიქრობთ, თუ გვინდა( და ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია) კიდევ უფრო კარგ ფორმაში ჩადგომა, ამას გავაკეთებთ. “სითის“ შემდეგი ნომერი კი ძლიერ ქალებზეა, ვინც სწორედ დამოუკიდებლად შეძლო კარიერის გაკეთება და საერთოდ აკეთებს იმას, რაც უნდა. რა რა და მე ქალების უფლებების დამაკნინებლად ვერ გამომიყვანთ და სწორედ თქვენნაირი ძლიერი და თავისუფალი ადამიანებისთვის ვაკეთებ ამ ჟურნალს. მადლობა გამოხმაურებისთვის და გვისურვეთ წარმატებები. P.S. საჩუქრად აბონემენტი არ იქნება))) ბევრად უფრო დიდი გეგმები გვაქვს წინ)“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here