„ფორტუნა პლუსის“ მენეჯერის, რეზო კაკულიას იდეით, რეპერ შავი პრინცის (აჩიკო ბაბუნაშვილი) ახალმა სიმღერამ იხილა მზის სინათლე და მისი პრემიერა 27 მარტს, „ფორტუნა პლუსის“ ეთერში შედგა. ახალი დუეტი, რომელიც „შავი პრინცის გარდაცვალების შემდეგ დასრულდა და მასში მონაწილეობა რეპერმა გიორგი პავლიაშვილმა, ანუ მასტერმა მიიღო, პაატა სილაგაძის, შავი პრინცის დიდი ხნის მეგობრის სტუდიაში „P.S. Recodrs Studio“ ჩაიწერა. შავ პრინცს ახალი სიმღერისთვის მხოლოდ მისამღერი ჰქონდა ჩაწერილი, რეპის ნაწილი კი კოლეგისა და მეგობრის პატივისცემის ნიშნად, მასტერმა ჩაწერა.
სიმღერის სახელწოდებაა „ჩემი გული გაქვს შენ“. მისი მუსიკალური პროდიუსერი არის პაატა სილაგაძე, პროექტის პროდიუსერი: რეზო კაკულია, კლიპი „ქსენონ ფროდაქშენმა“ გადაიღო, ოპერატორი გივიკო მაღრაძეა, პროექტის მენეჯერი: გუკა მელქაძე. ვიდეოს ნაწილი ქუთაისშია გადაღებული.
სიმღერის ორი ვერსია შეიქმნა, ერთი ჰიპ-ჰიპის სტილში, მეორე კი მისი რემიქსული ვარიანტი, რომელზეც PR Production-მა იმუშავა. ორივეს მოსმენა შეგიძლიათ როგორც „ფორტუნა პლუსის“ ეთერში, ასევე რადიოს საიტზე – fortunaplus.ge
რეზო კაკულია:
შავი პრინცი გარდაცვალებამდე მუშაობდა სიმღერაზე, თუმცა მისი დასრულება ვერ მოასწრო. სტუდიაში დარჩა მხოლოდ მისამღერი. კუპლეტები დაწერილი არ ჰქონია, შეიძლება, თავში უტრიალებდა ტექსტი, მაგრამ ჩვენამდე არ მოსულა, მხოლოდ მისამღერით კი სიმღერას ვერ გავაკეთებდით. პაატა სილაგაძეც და მეც 20 წელზე მეტი ვმეგობრობდით შავ პრინცთან. როცა ქუთაისში ვიყავით ჩასულები გასვენებაში, ერთმანეთს გამოველაპარაკეთ და პაატამ მითხრა, რომ სიმღერის ნაწილი ჰქონდა ჩაწერილი… იქვე მოგვივიდა იდეა, რომ სიმღერა ბოლომდე მიგვეყვანა.
დავუკაშირდით ერთ-ერთ პირველს – მასტერს. ის სულ მუშაობს, მინდა შევაქო და ვთქვა, რომ თვე არ გავა, რომ ან სიმღერა არ ჩაწეროს ან ახალი კლიპი არ წარადგინოს. დაწერა ტექსტი, ჩაწერა თავის სტუდიაში და გადმოგვიგზავნა, ჩვენ კი ამ ყველაფერს საბოლოო სახე მივეცით. რადგან „ფორტუნა პლუსის“ ექსკლუზივი იყო, გადავწყვიტეთ, გაკეთებულიყო ამ სიმღერის რემიქსული ვარიანტიც. ანუ „ჩემი გული გაქვს შენ“ ერთი ვერსია არის ჰიპ-ჰოპის ჟანრში, მეორე ვერსიას კი საცეკვაო ჟღერადობა შევურჩიეთ. კლიპი ორიგინალზე თავად მასტერმა გადაიღო.
მასტერი:
მგონი, საქართველოში ეს პირველად ხდება, ყოველ შემთხვევაში, ჰიპ-ჰოპში, რომ არტისტის გარდაცვალების შემდეგ გამოდის მასთან დუეტი. ეს აპრობირებული მეთოდია საზღვარგარეთ. იდეის ავტორი რეზო კაკულია გახლდათ. მან დამირეკა და მითხრა, რომ არსებობდა პროექტი, რომელიც შავ პრინცს ჰქონდა დაწყებული. არანჟირებისა და მუსიკის ავტორი კი პაატა სილაგაძე იყო. პაატას სტუდიაში ასულს მომასმენინეს. მკითხეს, როგორ ვხედავდი ამ პროექტში საკუთარ თავს. პირველ რიგში, ძალიან გამიხარდა და მესიამოვნა. ეს მძიმე მისია გადმომაბარეს. ერთი ღამე მარტო იმას ვფიქრობდი, როგორი მიმართულება მიმეცა ტექსტისთვის. როცა მსმენელი მოისმენს, მიხვდება, რომ მხოლოდ მისამღერისთვის არ მიმიბამს. არ ვიცი, რას ფიქრობდა ამ მისამღერის დაწერისას. „ჩემი გული გაქვს შენ“ – ასე ჰქვია სიმღერას, მაგრამ მხოლოდ ერთი მიმართულებით, გოგოს სიყვარულზე ამას ვერ ვხედავ. ძალიან მალე ჩავწერეთ სიმღერა, რადგან არ მიყვარს საქმის გაწელვა. მინდოდა, ერთი ამოსუნთქვით გაკეთებულიყო, მიქსინგი და მასტერინგი პაატა სილაგაძემ გააკეთა. ჩავედი ქუთაისში, საიდანაც იყო შავი პრინცი და კლიპი იქ გადავიღე. 90% გადაღებებისა იქ მიმდინარეობდა. მისი ოჯახის წევრებმა იცოდნენ ამის შესახებ, ასევე უახლოესმა ძმაკაცებმა, მეგობრებმა.
რა შეგიძლია თქვა, როგორც ჰიპ-ჰოპ არტისტმა, შავი პრინცის შესახებ?
მან დაიწყო ჰიპ-ჰოპი საქართველოში. ალბათ, ვინმე სხვა დაიწყებდა, ის რომ არა, მაგრამ რა ფორმით, როგორ და როდის დაიწყებდა, ეს ხომ არავინ არ იცის. შურიკა, როგორც მას ვეძახდით, შეიძლება, ბოლო დროს აქტიურად არ ჩანდა, მაგრამ ამით ცხოვრობდა. მასთან ერთად მქონია კონცერტი, როცა 15 წლის ვიყავი, დამწყები ამ სფეროში. შემდეგ თავის კონცერტზე დამიძახა ერთ-ერთ სივრცეში. ჩვენ ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ძალიან კოლეგიალური და კარგი ურთიერთობა გვქონდა… პატივს ვცემდით ერთმანეთს. მისი გარდაცვალების შემდეგ ბათუმში დიდი სოლოკონცერტი შავ პრინცს მივუძღვენი.
ვფიქრობ, ადამიანს, რომელმაც დაიწყო მიმდინარეობდა, ასეთი პატივი უნდა სცენ. მან, როგორც რეპერმა, ზუსტად იცოდა ჰიტების „გარტყმა“. ჩემი აზრით, კონკრეტულად, დასავლეთმა, ქუთაისმა, ქართული ჰიპ-ჰოპის განვითარებას დიდი ბიძგი მისცა. ბევრს უნდოდა, ისე გაერეპა, როგორც ამას შავი პრინცი აკეთებდა. დავკარგეთ კარგი და კეთილი ბიჭი… ყველამ განიცადა, როგორც ოჯახის წევრის გარდაცვალება. თითქოს ბავშვობა წაგვერთვა…
ნინო მურღულია