ქართველი მწერალი, ტორესა მოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ დროა, ბავშვებს ავუხსნათ, რომ სექსი ისეთივე ბუნებრივი მოთხოვნილებაა, როგორიც კვება და ძილი. გთავაზობთ მწერლის ნააზრევს:
„დროა, ბავშვებს ავუხსნათ რომ სექსი ადამიანის ერთ-ერთი ძირეული მოთხოვნილებაა, როგორც კვება და ძილი. რომ სექსში არაფერია სასირცხვილო და არაადამიანური. რომ სექსუალური მოთხოვნილებები და მათი დაკმაყოფილება ბუნებრივი და აუცილებელია. რომ ამისათვის აუცილებელი არაა ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები და სამუდამო ერთგულების ფიცი. რომ სექსი ურთიერთობის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილია და ზუსტად ისევე ბუნებრივია, ვერ შეეწყო ადამიანს სექსუალურად, როგორც ხასიათით, ამიტომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, ვისთან გსურს გაატარო დარჩენილი ცხოვრება და ვინმეს სამუდამო ერთგულების ფიცი დაუდო, აუცილებელია, გაიგო როგორც თქვენი მსოფლმხედველობრივი თანხვედრა, ისე სექსუალური თანხვედრა, რადგან ამის გარეშე თანაცხოვრება იქცევა ჯოჯოხეთად და ძალადობად.
დროა ბავშვებს ავუხსნათ, რომ სექსი არაა დასაძრახი, დასაძრახი არის შანტაჟი, ძალადობა და სხვისი პირადი ცხოვრების საჯაროდ გამოფენა. დროა, ბავშვებს ავუხსნათ, რომ ჩვენ მათ არ განვსჯით მათი სექსუალური ცხოვრების გამო და ყველაფერს გავაკეთებთ იმათ დასასჯელად, ვინც გაბედავს და მათ დაშანტაჟებას და მათზე ძალადობას ცდის.
საკმარისია ის ჯოჯოხეთი, რომელიც ჩვენ მოგვიწყეს, საკმარისია, რაც ჩვენ ვიტანჯეთ სექსისადმი ამ მახინჯი დამოკიდებულების გამო. მე არ მჯერა, რომ ღმერთი ოდესმე იმის გამო გაგვასამართლებს, რომ ვიღაცასთან ვიწექით. არ მჯერა, რომ ღმერთი იმ ინსტინქტების გამო დაგვსჯის, რაც თავად მოგვცა. არ მჯერა მე ასეთი ღმერთის, რომელიც ჩასაფრებული მითვალთვალებს ვისთან, სად, როდის და როგორ მექნება სექსი და მერე ხაზს გადაუსვამს ყველაფერს, რაც ცხოვრებაში მიკეთებია და ჯოჯოხეთისთვის გამწირავს.
არ შეიძლება გჯეროდეს, რომ არსებობს სრულყოფილი გონი და იმავდროულად ფიქრობდე, რომ ეს სრულყოფილი გონი ასეთი მეწვრილმანე და შეზღუდულია. ნუთუ ასე რთული დასანახია, რომ სექსისადმი ეს წარმოუდგენელი და ბრიყვული ტაბუ, დაკომპლექსებული და გაბოროტებული ადამიანური გონების ნაყოფია და არა რაიმე სრულყოფილი გონის. დროა, ეს სიგიჟე დასრულდეს და დავიწყოთ ნორმალური ადამიანური ცხოვრება და საკუთარ შვილებს ცხოვრება ჯოჯოხეთად არ ვუქციოთ. და თუ ვინმე მართლა მოხვდება ჯოჯოხეთში, ღრმად მწამს, რომ პირველები ისინი იქნებიან, ვინც ღმერთის სახელით სხვა ადამიანებს ამ ქვეყნად ცხოვრებას უქცევს ჯოჯოხეთად. ასეთია ჩემი რწმენა“.