დემნა გვასალია: „არ ვფიქრობ, რომ ელეგნატურობა მნიშვნელოვანია…“

0
2527

„გარდიანი“ ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ:

36 წლის ქართველი, Balenciaga’s კრეატიული დირექტორი, ტრადიციული სტანდარტული მოდით დაიღალა და ფანტაზიას მართლაც არნახული გასაქანი მისცა. რა იქნება შემდეგი, ამაზე საუბარიც კი ძალიან რთულია. იმისათვის, რომ მიხვდეთ, თუ რატომ არის დემნა პარიზის ყველაზე ცხელი დიზაინერი, უნდა დაივიწყოთ ყველაფერი, რაც კი აქამდე ამ ქალაქის შესახებ იცოდით. დაივიწყეთ კატრინ დენევი, ჯეინ ბირკინი. დაივიწყეთ აბრეშუმის ზედები, მოდური ქურქები. დაივიწყეთ მონმარტზე მოსეირნე ამელი, თუ ლადურეში სავახშმოდ შესული კერი ბრედშოუ.

გვასალიას პარიზი ის პარიზი აღარ არის. ეს არის ზედმეტად თანამედროვე ქალაქი, თავისი ტელეფონის მაღაზიებით, სწრაფი კვების ობიექტებით, ქალაქი, სადაც გლამურული – ვიწრო ჯინსებსა და იაფფასიან ჩანთებს ნიშნავს; ქალაქი, სადაც ყველა ქუჩა განსხვავებულ ენაზე ხმაურობს და ეს ყველაფერი ედიტ პიაფის ჰარმონიულობისგან ძალიან შორსაა.

ცოტა ხნის წინ გვასალიამ Vetements-ის ახალი კოლექცია წარმოადგინა. ექსტრავაგანტური დიზაინერის მიერ შექმნილი მამაკაცი ხაზი, ბუნებრივია, მაღალი მოდის ჩვენებას ნამდვილად არ ჰგავდა. მისი მოდელები, რომლებსაც ყველაფერი – პერანგები, მოსაცმელები, ზედები და რამდენიმე შარვალი – ერთდროულად ეცვათ, Les Puces de Saint-Ouen-ის ფლეა მარკეტის ვიწრო სივრცეში გამოდიოდნენ.

„მე არ ვფიქრობ, რომ ელეგანტურობა მნიშვნელოვანია“ აცხადებს გვასალია, რომელიც ამჟამად პარიზის სტუდიაში იმყოფება და 4 მარტისთვის დაგეგმილი შოუსთვის ემზადება. „Vetements ეს არის ქუჩა და ქუჩაში კი ხალხი ელეგანტურობას ყველაზე ნაკლებად ცდილობს“. როგორც წესი, ყველა ჩვენებაზე ტანსაცმელს საგულდაგულოდ ინახავენ და მოდელებს შოუმდე რამდენიმე წუთით ადრე აცმევენ ხოლმე. გვასალიას შემთხვევაში კი ბუნებრივია, ეს წესიც დაირღვა, მოდელები დილიდანვე შემოსეს და ჩვენების დაწყებამდე ისინი დარბაზში დასეირნობდნენ, საუბრობდნენ და ა.შ. შედეგად კი ტანსაცმელი ძალიან ბუნებრივად, რეალურად გამოიყურებოდა. „ჩვენ, ალბათ, ყველაფერს განსხვავებულად ვაკეთებთ, თუმცა იმავდროულად, ყველაფერი ზუსტად იგივეა. Vetements-ის მოსაცმელი იქნება ეს თუ ოტ კუტიურის კაბა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის ადამიანია, ვინც მას ატარებს და მასში თავს ბედნიერად გრძნობს.“

დემნა ეს მოდის სამყაროს ახალი ზღაპარია. ქართველი სცენაზე 2014 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ათასი სრულიად უცნაური და აუხსნელი ნივთი შექმნა. შედეგად, Vetements მოდის სამყაროს ყველაზე გავლენიან ბრენდად იქცა.

„ჩემს შემოქმედებაში ყველასაგან განმასხვავებელი ნიშანი პრაგმატიზმია“, ამბობს გვასალია. „მოდის სამყარო ეს არ არის რეალური სამყარო და ჩემი აზრებიც ჰიპერრეალისტურია. მე არ მსურს ვიცხოვრო სიზმარში, ეს სიკვდილზე უფრო მოსაწყენი იქნებოდა.“ „გარისკვას ძალიან მივეჩვიე და რისკი უკვე Vetements-ის დნმ-შია. იმისათვის, რომ მოდის სამყაროში იარსებო, რისკი აუცილებელია.“ გვასალია რომ მუდმივად რისკავს, ეს მის შემოქმედებას კარგად ეტყობა.

ამჟამად კი დემნას ახალი გატაცება გულწრფელობაა. „ნახეთ, რა ხდება ჰოლივუდში,“ ამბობს ის. „შეხედეთ, რა ხდება ჩვენს გარშემო. უფრო გამჭირვალეები უნდა ვიყოთ.“

დიზაინერი ტექნოლოგიებითაცაა დაინტერესებული და მისი ახალი პროექტი სწორედ თანამედროვე სამყაროზე და ტექნოლოგიურ ცვლილებებზე იქნება მორგებული. ხოლო, კითხვაზე, თუ როგორც შეცვლის ის მოდას, დემნას უბრალოდ ეღიმება. „ჯერ არ ვიცი. მე ხომ მომავალს ვერ ვხედავ. თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი შეიცვლება.“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here