20.8 C
Tbilisi
Friday, August 19, 2022

„დედე“ – არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ფილმი ქართულ კინოეკრანებზე გამოდის

„დედე“ მარიამ ხაჭვანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, საქართველოს კინოთეატრებში კი 22 თებერვლიდან გამოდის. 20 თებერვალს კინოთეატრ „ამირანში“ მისი დახურული ჩვენება მედიისთვის შედგა, შემდე კი პრესკონფერენცია გაიმართა.

„დედეს“ მოქმედება სვანეთში, 90-იან წლებში ვითარდება. გეგეს (გიორგი ბაბლუანი) და დინას (ნათია ვიბლიანი) სიყვარულის ამბავს ბედნიერი დასასრული არ უწერია. ტრადიციები, რომლებიც ძირითადად, ქალების ჩაგვრისკენ არის მიმართული, სინამდვილეში, მთელ საზოგადოებას ახვევს თავს ქცევის წესებს და თუკი მათ ვინმე გადაუხვევს, შურისძიებისკენ უბიძგებს, რომელიც ადამიანების მკვლელობით სრულდება.

ამგვარი მახინჯი ტრადიციების ამბავი ქართველი მაყურებლისთვის არახალია, უცხოელი მაყურებლისთვის კი მისი ხილვა ნამდვილად საინტერესო იქნებოდა და ალბათ, ამანაც განაპირობა ფილმის საერთაშორისო წარმატება.

მარიამ ხაჭვანი, რეჟისორი:

ემოციებით ველოდები, გაათმაგებულად, ფილმის პრემიერას საქართველოში. მართალია, უცხოელმა მაყურებელმა უკვე შეაფასა დადებითად, მაგრამ ძალიან ვღელავ, როგორი იქნება ქართველი მაყურებლის რეაქცია. სულ აღვნიშნავ, რომ საქართველოში უფრო მომთხოვნი მაყურებელია და მკაცრი, მაგრამ ვფიქრობ, უმეტესობა დადებითად შეაფასებს, ყველას არ შეიძლება მოეწონოს…

„დედეს“ უკვე აქვს მიღებული ათი საერთაშორისო ჯილდო. არ ველოდებოდი ამას. რამდენიმე თვის წინ შედგა პრემიერა და თვეში ორჯერ გვიწევდა ჯილდოების მიღება. ძალიან ბედნიერი ვარ მიღებული პრიზებით.

რა იქნება თქვენი შემდეგი ფილმის თემა?

ვმუშაობ ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე, დაახლოებით ერთ კვირაში მივემგზავრები საფრანგეთში, სადაც კანის კინოფესტივალის მნიშვნელოვან  პლატფორმაზე მოვხვდი.  თემა, რა თქმა უნდა, ვიცი, თუმცა ამ ეტაპზე საიდუმლოდ შევინახავ (იღიმის).

გირშელ ჭელიძე, მსახიობი:

ეს ფილმი დიდი ძალისხმევის შედეგია და პირველ რიგში, წარმატება მარიამისა და მთელი შემოქმედებითი ჯგუფის დამსახურებაა. სცენარმა თავიდანვე დამაინტერესა. ლევანის როლი რთული შესასრულებელი იყო, პირველ რიგში, პირობები იყო მძიმე, თავად ნახეთ, რა ამინდში გვიწევდა მუშაობა.

რაც შეეხება თავად ფილმს, ეს არის სიყვარულის ამბავი და ამბავი იმის შესახებ, რომ არასდროს უნდა დახარო თავი და ყოველთვის იბრძოლო.

ნათია ვიბლიანი, მსახიობი:

21 წლის ვარ. „ფეისბუქის“ საშუალებით ამარჩიეს როლზე, სრულიად შემთხვევით. ჩვენს ფილმს ბევრი სირთულე გადახდა, რთული პირობები იყო… მსახიობი არ ვარ, არანაირი შეხება არ მქონია კინოსთან, მაგრამ სვანეთში ვარ გაზრდილი და დაბადებული, ვიცოდი ამ ტრადიციების შესახებ და გათავისებული მქონდა…

გიორგი ბაბლუანი როგორი პარტნიორი იყო?

არაჩვეულებრივი. თავიდან გამიჭირდა პროფესიონალ მსახიობთან შეხება, რადგან პირველად მოვხვდი კინოგადაღებებზე. თვითონ გადაღების პროცესში გიორგი იმდენად უშუალო აღმოჩნდა, რომ აღარ გამჭირვებია.

ელოდებით კრიტიკას?

რა თქმა უნდა. მივიღებ და გავითვალისწინებ შემდეგისთვის, თუმცა არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა მსახიობობას (იღიმის).

ნინო მურღულია

Latest Posts

ბოლო სიახლეები