„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური კოპროდუქცია, ფილმი, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა, უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. საქართველოში პროდიუსერებმა ფილმის წინასაოსკარე კამპანიისთვის საკმაოდ მწირი თანხის შეგროვება შეძლეს. ფილმის პროდიუსერი ქეთი დანელია ქართული პრემიერის წინ აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს ორჯერ მიმართა დასახმარებლად, როცა შემოქმედებით ჯგუფს საერთაშორისო ფესტივალებზე გასამგზავრებელი თანხა სჭირდებოდა, თუმცა მათ ორივე შემთხვევაში უარი უთხრეს.
Cavea Cinemas (City Mall)-ში, რომელიც ძალიან მალე ამუშავდება, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი ჯგუფი ჟურნალისტებს შეხვდა. საქართველოს კინოთეატრებში გამხმაურებული ფილმი ორი მამაკაცი მოცეკვავეს სიყვარულის ამბავზე, რომელიც ლევან აკინმა გადაიღო, 8-9-10 ნოემბერს გავა. თითქმის ყველა ბილეთი უკვე რეალიზებულია. ერთადერთი, რამააც წარმატებულ პრემიერას შეიძლება ხელი შეუშალოს, არის საზოგადოების ნაწილის პროტესტი ფილმის მისამართით…
ქართულ პრემიერამდე მცირე ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი მასზე დასწრებას არ აპირებდა და ასეთი გადაწყვეტილება უსაფრთხოების საკითხების გამო მიიღეს. ფილმის პროდიუსერთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
ქეთი დანელია, „და ჩვენ ვიცეკვეთ“, პროდიუსერი:
მაისში გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს კინოთეატრებში ეს ფილმი ნოემბერში გვეჩვენებინა. აგვისტოში კი „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიის ფარგლებში ასევე ნოემბერში ლოს ანჯელესში ჩვენი გამგზავრება გადაწყდა. შესაბამისად, შემოქმედებითი ჯგუფი უბრალოდ, აქ არ იქნება. მე პირადად არ ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების დაცვა გვჭირდება, როცა კინოში მივდივართ ფილმის სანახავად. ეს კითხვა რომ დაისვა, ძალიან კარგად ჩანს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ.