უკვე ოფიციალურად – Maroon 5, რობი უილიამსი, ხოსე კარერასი, ეროს რამაზოტი… და კიდევ ბევრი სხვა ვარსკვლავი საქართველოში!!!
თუკი საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ კალენდარს გადახედავთ, ანუ იმ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც შემდეგი თვეების განმავლობაშია დაგეგმილი ჩვენს ქვეყანაში, ნამდვილად გექნებათ სიხარულის მიზეზი!
ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ თვალებს არ დაუჯერებთ და როგორც კულტურის სამინისტრო გვპირდება, ამ ჯადოსნურ სიას კიდევ მრავალი ვარსკვლავი დაემატება.
პროექტის ” საქართველო მსოფლიო კალენდარზე” პირველი ვარსკვლავია ეროს რამაზოტი, რომელიც სპორტის სასახლეში 24 აპრილს გრანდიოზულ შოუპროგრამას შემოგვთავაზებს. შემდეგი გახლავთ რობი უილიამსი, ის “დინამო არენაზე” 27 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იმღერებს. პოპ-როკ ჯგუფი “Maroon 5” ბათუმს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, 7 ივნისს ესტუმრება და “ანბანის” კოშკის გვერდით, საოცრებათა პარკში, რომელიც 25 000 ადამიანს იტევს, კონცერტს გამართავს. პროექტის ფარგლებში ქუთაისს ეწვევა ხოსე კარერასი და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაატარებს კონცერტს.
“საქართველო მსოფლიო კალენდარზე” წლის ბოლომდეა გათვლილი და ყველანაირი ტიპისა და მიმართულების კულტურულ ღონისძიებებს ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებზე დასასწრები ბილეთების ფასი 30-90 ლარი იქნება.