ცნობილი სამსახიობო ოჯახის წარმომადგენელმა თავადაც მსახიობობა აირჩია – ანკა ვასაძის გზა თეატრამდე

0
7148

აკაკი ვასაძე მისი დიდი ბაბუა იყო, მარინა თბილელი – დიდი ბებია. ბაია დვალიშვილი მისი ბებიაა. სამსახიობო ოჯახში გაზრდილმა ანკა ავასაძემ თავადაც თეატრისკენ მიმავალი გზა აირჩია და ამჟამად მარჯანიშვილის თეატრში საკმაოდ ბევრ სპექტაკლშია დაკავებული.

როგორც თავად გვითხრა, ჯერ ინტერვიუებს მიჩვეული არ არის… ყველა როლს არ თანხმდება, არ სურს, ისეთი როლი შეასრულოს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში „მიეწებება“. თეატრში თავს ძალიან კარგად გრძნობს და ბევრ შეთავაზებაზე მის გარეთ არ თანხმდება.

ანკას „თბილისი მარიოტში“ შევხვდით ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის.

რამდენად ადვილია საქართველოში ახალგაზრდა მსახიობისთვის თავის დამკვიდრება? და ეთანხმები თუ არა მოსაზრებას, რომ პოპულარობის მოპოვება ტელეროლით უფრო შესაძლებელია?

ანკა ვასაძე:

ვიღაცისთვის ადვილია, ვიღაცისთვის – არა. გარდა ნიჭისა და შრომისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამართლებას, თავიდან ვის ჯგუფში მოხვდები თეატრალურ უნივერსიტეტში, შემდეგ სად გადაინაცვლებ, რა როლი შეგხვდება. გამართლებასთან ერთად კეთილი ადამიანების გვერდში დადგომაც მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ტელევიზიას, ყოველთვის ვებრძოდი ამას. არა იმიტომ, რომ მსახიობი იშტამპება და სხვა როლს ვეღარ ასრულებს, მაყურებელი რომ დიდხანს უყურებს ერთ როლში მსახიობს, თეატრში მისულიც ვეღარ აღიქვამს სხვა პერსონაჟად. სერიალში „აისი“ ვთამაშობ, იმიტომ დავთანხმდი, რომ სახასიათო პერსონაჟი არ ყოფილა, არანაირი იარლიყი არ მომეკრობოდა. ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო ეკრანთან მუშაობის კუთხით. დღემდე ინტერვიუზეც ძალიან ვნერვიულობ, როცა კამერა ირთვება. არ მაქვს შეცდომის უფლება.

მოკლედ, ჯერ უფრო მეტად თეატრისკენ ხარ გადახრილი…

დიახ, კინოში მუშაობის გამოცდილება ჯერ არ მქონია. რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს.

სერიალიდან რომ გქონდეს შეთავაზება, აირიდებ თავიდან, თუკი როლი არ მოგეწონება?

ამირიდებია ბევრჯერ (იღიმის). როცა წინასწარ ვიცი, რომ როლი არ მინდა, კასტინგზეც არ მივსულვარ. ზოგჯერ მივსულვარ, რადგან არ ვიცოდი, როგორი როლი იყო და მაინტერესებდა. ჩვენ ხომ ასეთ პროექტებს ზოგ შემთხვევაში ანაზღაურების გამო ვთანხმდებით. არც ანაზღაურება იყო ისეთი, რომ ამის გამო დავთანხმებოდი, როლიც არ იყო საინტერესო.

მარჯანიშვილის თეატრი შენი მეორე სახლია?

მგონი, პირველიც, რადგან უმეტეს დროს იქ ვატარებ და ჩემი შვილიც დამყავს. საბედნიეროდ, ბევრ სპექტაკლში ვარ დაკავებული. ყველა მსახიობი ამბობს, თეატრი ჩემი სახლიაო. ეს სხვა სივრცეა, სადაც კოლეგები, მომუშავე პერსონალი ძალიან მეგობრულია, არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. მისვლის დღიდან ვიგრძენი ასეთი დამოკიდებულება და ბედნიერი ვარ, რომ ამ თეატრში მოვხვდი. იდეალური გარემოა ჩემთვის და არა იმიტომ, რომ ჩემს ოჯახს იცნობდნენ. ყველას ერთმანეთის მიმართ თბილი დამოკიდებულება აქვს… ვრცლად + ფოტოგალერეა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here