შვეიცარიის ალპების საკურორტო ქალაქ ვერბიეში მოეწყო წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პრეზენტაცია, სადაც გაცხადდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოსედა, წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი იქნება. აქვე, ვერბიეში, ხელი მოეწერა შესაბამის ხელშეკრულებას მაესტრო ნოსედას და წინანდლის ფესტივალის დამაარსებლებს შორის.
2019 წლის სექტემბრიდან წინანდლის ფესტივალი, ახალაზრდული ორკესტრი (რომელიც წელიწადში ერთხელ შეიკრიბება) და ფესტივალის ფარგლებში დაარსებული მუსიკალური აკადემია წინანდლის ისტორიულ მამულებში დაიდებს ბინას.
იტალიელი ჯანანდრეა ნოზედა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დირიჟორი, 2016 წლიდან არის აშშ-ს ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორი, ასევე ლონდონის სიმფონიური ორკესტრის და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი, მუსიკალურ წრეებში კარგად ცნობილი კატალონიის კამერული ორკესტრის, კადეკესის ორკესტრის (Orquestra de Cadaqués), მთავარი დირიჟორი და იტალიური სტრესას ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2007-2018 წლებში ნოზედა იყო ტურინის სამეფო თეატრის მუსიკალური დირექტორი. 2021 წლიდან ჯანანდრეა ნოზედა დაიკავებს ასევე ციურიხის ოპერის მუსიკალური დირექტორის პოსტს.