ბიანკა ბალტი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იტალიელი მოდელი, რომელიც დოლჩე გაბანასთან, ვალენტინოსთან, მანგოსთან, ვიქტორია სეკრეტთან და კიდევ არაერთ მსოფლიო ბრენდთან და დიზაინერთან თანამშრომლობს, სამოდელო სააგენტო “Brave Model Management-მა” აღმოაჩინა და მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში მისი კარიერის განვითარებაზე იზრუნა. სააგენტო 2001 წელს ბრუნო პაულეტამ დააფუძნა. ის კასტინგებს ახალი სახეების აღმოსაჩენად მსოფლიოს გარშემო ატარებს და მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც სტუმრობს.
ბრუნო პაულეტა წლებია ქართველ მოდელთან და “ჯეომოდელ აგენსის” დამფუძნებელთან თაკო ჩხეიძესთან თანამშრომლობს, რომლებმაც სააგენტო “ბრეივ მოდელს გეორგია” დაარსეს და ქართველ დამწყებ მოდელებს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში თავის დამსამკვიდრებლად ეხმარებიან. “ჯეომოდელს აგენსი” უკვე ათი წელია ქართველ გოგონებს თბილისის მოდის კვირეულში მონაწილების, უცხოურ სააგენტოებთან თანამშრომლობისა და უამრავ საინტერესო პროექტში მოხვედრის საშუალებას აძლევეს. გოგონებს მოდელად ჩამოყალიბებაში ხელს უწყობს სააგენტოსთან არსებული “ჯეომოდელისის” სტუდიაც, სადაც გოგონები პოდიუმზე გასვლამდე, სწავლობენ ყველა იმ თვისებას, ჩვევასა და უნარს, რაც მოდელისთვის აუცილებელია.