“ბლექ სი არენის“ შემდეგი სტუმარი სუპერვარსკვლავი ვანესა მეი იქნება!..

0
2432

“ბლექ სი არენას“ კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი ესტუმრება. მევიოლინე, რომელსაც ყველაზე მეტი დისკი აქვს გაყიდული მსოფლიოში! – ვანესა მეი არენაზე კონცერტს 6 აგვისტოს გამართავს.

ელექტრო და კლასიკურმა მევიოლინემ, რომელმაც თავისი თავბრუდამხვევი კარიერა 1995 წელს დაიწყო, მსოფლიო წარმატება მალევე მოიპოვა – მრავალი ქვეყნის ჩარტებში მოწინავე პოზიციები და მილიონობით გაყიდული დისკი!.. ვანესა მეი კლასიკური სცენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავია.

მევიოლინეს მიღებული აქვს ურიცხვი რაოდენობის ჯილდო, მათ შორისაა “მსოფლიო მუსიკის ჯილდო“ 1997 წელს. მის პერფორმანსებს შორის გამორჩეული გახლდათ 1989 წელს დებიუტი ლონდონის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად, 1995 წელს “როიალ ალბერტ ჰოლში“ წარდგა მაყურებლის წინაშე სოლოკონცერტით, 1996 წელს ბერლინის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ჰქონდა გამოსვლა და სხვა, მის ანგარიშზეა სხვადასხვა წელს გამართული მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიებები.

ვანესა მეის სტილს აღწერენ, როგორც ტექნო-აკუსტიკურ ფიუჟენს. არაჩვეულებრივმა მევიოლინემ სახელი გაითქვა, როგორც დიდი ბრიტანეთის ყველაზე წარმატებულმა არტისტმა, ვინაიდან მისი ალბომი მულტი პლატინის გახდა და 20 ქვეყნის ჩარტებში მოწინავე ადგილები დაიკავა. გარდა ამისა, მეი გახდა კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც “ბრიტ ავარდსის“ ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მისი პირველი ალბომი “მევიოლინე“, რომელიც 16 წლისამ ჩაწერა, ბრიტანულ ჩარტში მე-11 პოზიციაზე აღმოჩნდა და მისი დაახლოებით ორი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ის პირველი კლასიკური მუსიკის არტისტია, რომლის შესრულებული კომპოზიცია “ბილბორდის“ საცეკვაო მუსიკალურ ჩარტში მოხვდა. ის ასევე პირველი კლასიკური მუსიკოსია, რომელსაც “როიალ ფესტივალ ჰოლზე“ გამოსვლის პატივი ხვდა წილად.

ვანესა მეი დაიბადა ზუსტად იმ დღეს, როდესაც 196 წლის წინ, გენიალური მევიოლინე ნიკოლო პაგანინი დაიბადა – 27 ოქტომბერს. სულ სამი წლისამ დაიწყო პიანინოზე დაკვრა, ხუთი წლისამ კი ცხოვრების მთავარი ინსტრუმენტი, ვიოლინო პირველად დაიკავა ხელში.

ვანესა მეიმ თავისი ალბომის “მევიოლინე“ მხარდასაჭერად მსოფლიო ტურნე გამართა, მას გამოსვლები ჰქონდა ვიეტნამში, სინგაპურში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და სხვა უამრავ ქვეყანაში.

მუსიკოსი კომპიუტერულ ტექნოლოგიას აქტიურად იყენებს თავისი მუსიკის გასამდიდრებლად. მის სასცენო პარტნიორებს შორის იყვნენ ენი ლენოქსი, როდ სტიუარტი, ჯანეტ ჯეკსონი, და სხვა არტისტები.
ვანესა მეის კონცერტის ბილეთები 18 ივლისს 9:00–დან საიტზე tkt.ge გაიყიდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here