„ბლექ სი არენას“ 2 სექტემბერს „ფლამენკოს ჯადოქრები“ ესტუმრებიან

0
1723

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 2 სექტემბერს გრანდიოზული გალაკონცერტით „ბლექ სი არენაზე“ დაიხურება. უკვე მეორე წელია, ფოლკლორის წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ახლად დაფუძნებული ფესტივალის სტუმრები არიან.  ღონისძიება „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება, მისი ორგანიზატორი კი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია. დასკვნითი საღამო, როგორც წინა წელს, ახლაც, „ბლექ სი არენაზე“ იგეგმება. დარბაზის ხელმძღვანელობა მოხარულია, რომ ჟანრის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი წელს შვიდ ქვეყანას მასპინძლობს, მათ შორის არიან ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთის ხალხური მუსიკის წარმომადგენლები.

2016 წელს ამავე ღონისძიებაში 4 ქვეყანა და 24 ანსამბლი მონაწილეობდა. ფესტივალის ფარგლებში, კონცერტები 31 აგვისტოსა და პირველ სექტემბერს ბათუმსა და შეკვეთილშია დაგეგმილი, ხოლო 2 სექტემბერს, „ბლექ სი არენაზე“ გალაკონცერტი გაიმართება – ქართულ ანსამბლებთან ერთად, რომელთა შორის არიან „ბასიანი“ და „რუსთავი“,  მაყურებლის წინაშე წარდგება  „La Moneta&Flamenco“ ესპანეთიდან. ჯგუფი სპეციალური სტუმრის სტატუსით სარგებლობს და ნახევარსაათიან პროგრამას წარადგენს, სადაც სიმღერასთან ერთად ცეკვაც იქნება წარმოდგენილი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათ ფლამენკოს ჯადოქრებსაც უწოდებენ, ესპანური კულტურის მოყვარულებს საინტერესო საღამო ელოდებათ.

ღონისძიების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფესტივალი შემდეგ წელსაც გაიმართება.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე tkt.ge შეგიძლიათ.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here