„ბლექ აიდ ფისი“: „ჩვენ საქართველოში დავბრუნდებით!..“

0
949

საათნახევარზე მეტის განმავლობაში, „ბლექ სი არენას“ სეზონის გახსნაზე, 16 ივნისს, ფერადი ემოციებისა და მუსიკალური ჰანგების თანხლებით, ათასობით ადამიანმა „ბლექ აიდ ფისის“ დაუვიწყარი შოუ ნახა და მოისმინა მუსიკა, რომელსაც ამერიკული ჯგუფი ათეულობით წელია, მილიონობით თაყვანისმცემლისთვის ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ მოითმენლად ელოდნენ ქართველ ფანებთან შეხვედრას, მაინც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ შოუმდე რამდენიმე საათით ადრე, სასტუმრო „პარაგრაფის“ აკვარიუმიან დარბაზში შეხვდებოდნენ ჟურნალისტებს, რომელთა უმრავლესობა ბავშვობიდან მათი მუსიკის თაყვანისმცემელი იყო.  ჯგუფის ერთ-ერთმა მამოძრავებელმა ძალამ, ცნობილმა პროდიუსერმა, რომელსაც არაერთ ვარსკვლავთან უმუშავია, საკუთარ ჯგუფს თუ არ ჩავთვლით, ქართველ ჟურნალისტებს ისიც გაუმხილა, რომ ქართულ ფოლკლორს მოისმენდა სიამოვნებით და მოგზაურობის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული სხვადასხვა ტიპისა და მიმართულების, მუსიკალური თუ გასტრონომიული პორციები მათთვის ძალიან საინტერესოა. მათი მრავალფეროვანი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდად კი აუცილებლად იქცევა საქართველოში მოგზაურობა, ჩამოსვლის ღამეს ბათუმის ღამის კლუბებში გართობიდან დაწყებული, ღიმილიან ხალხთან და მათი მუსიკის მოყვარულებთან შეხვედრით დასრულებული…

ჯგუფის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან მომხიბვლელი აღმოჩნდა რეგიონის საუკეთესო საკონცერტო არენად აღიარებული „ბლექ სი არენა“, ხოლო სასტუმრო „პარაგრაფში“ დაბინავების გამო ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ, საჯაროდ გადაუხადეს მადლობა.

პრესკონფერენციაზე ჯგუფის წევრები, უილ აი ემი, ეფლ დი ეფი და ტაბუ ჟურნალისტებთან სელფების გადაღებასაც არ მოერიდნენ. ვილ აი ემს ბოლო კითხვა „ბალენსიაგას“ შესახებ დაუსვეს, რომლის ფეხსაცმელიც ეცვა. „იცით, ვინ არის „ბალენსიაგას“ მთავარი დიზაინერი? დემნა ქართველია“, აღნიშნა პრესკონფერენციაზე. უილ აი ემს ეს ინფორმაცია არ ჰქონდა და ჯგუფის წევრები ამ ახალ ამბავს აღფრთოვანებით შეხვდნენ.

ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ ჯგუფი დასასვენებლად გაეშურა, „ბლექ სი არენაზე“ კი ამ დროს მზადების ბოლო შტრიხები ევლებოდა. გარე პერიმეტრზე ყველა კომპანია, რომელიც არენასთან თანამშრომლობს, სრულად იყო მზად დიდი რაოდენობით მსმენელის მისაღებად, დარბაზში კი საბოლოო ტექნიკურ საკითხებს გადიოდნენ…

დადგა საღამოს ექვსი საათი, როდესაც კარები გაიღო. არენაზე ჩასულ მაყურებელს, პირველ რიგში, გარე სივრცეში აშენებული სცენით შეეგებნენ, სადაც დიჯეი უკრავდა. დიჯეი იდგა ასევე დარბაზის მთავარ სცენაზეც, სადაც „ბლექ აიდ ფისის“ წინ ე.წ. „ვორმ აფი“ მიმდინარეობდა.

(ვრცლად/ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here