ბიორკისა და ნიკოლოზ რაჭველის პირველი ერთობლივი ფოტო – „ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა 20 წელი და შევხვდებოდი…“

0
2204

ისლანდიელი შემსრულებელი ბიორკი საქართველოშია. ის ნიკოლოზ რაჭველისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი ისნტრუმენტების რეპეტიციას დაესწრო. მოგეხსენებათ, 31 ოქტომბერსა ფილარმონიაში, ხოლო 3 ნოემბერს – ოპერისა და ბალეტის თეატრში მისი ორი კონცერტი გაიმართება. ბიორკი შეასრულებს კომპოზიციებს ახალი ალბომიდან, ასევე რამდენიმე ძველ სიმღერასაც.

SOU ფესტივალის მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში, ბიორკი საქართველოს რამდენიმე მხარეს მოინახულებს და ქართული ფოლკლორის ნიმუშებსაც გაეცნობა.

ბიორკის დიდი თაყვანისმცემელია ნიკოლოზ რაჭველი, რომელმაც მასთან ერთად რეპეტიციის დროს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

„როდესაც ბიორკი და მისი შემოქმედება თავდავიწყებით შემიყვარდა, 18 წლის ვიყავი, ვენაში სწავლისას სიმწრით მოგროვებულ შილინგებს მისი ალბომის, საკონცერტო ლაივების და მასზე გამოცემული წიგნების შეძენაში ვხარჯვდი, მერე კი ხშირად საჭმლის და მგზავრობის საშუალება არ მქონდა, თუმცა ვიყავი ბედნიერი… და მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა 20 წელი და შევხვდებოდი, თან არა როგორც მხოლოდ თაყვანისმცემელი, არამედ მასპინძელი, იმ ორკესტრის ხელმძღვანელი, რომელთან ერთადაც სასწაულებს მოახდენს 31 ოქტომბერს ფილარმონიაში და 3 ნოემბერს ოპერაში…

ცოტა რამ ამ პროგრამის შესახებ: ბიორკი მუსიკაში ახალი ჟანრის ფუძემდებლად მოგვევლინა, ალტერნატივა ეწოდა ამ მიმდინარეობას, თუმცა იმდენად აიტაცა სამყარომ, რომ მალე პოპ მუსიკოსის კლიშე მიაკერეს. მაგრამ ბიორკი მალე დაუძვრა ცდუნებას და მისი ყოველი ახალი ნამუშევარი მიუღწეველ სიმაღლეებს მისწვდა, რითაც ყოველთვის იყო და არის წინ, იქ სადაც სიახლე ერწყმის სიღრმეს, იქ სადაც მთავრდება ჟანრების დიფერენცია და მუსიკა ხდება ფილოსოფიური ხელოვნება, რომელიც ადამიანს ბუნების და ღმერთის ენაზე ამეტყველებს. მას ძალიან ბევრი საკონცერტო ვერსია აქვს სცენაზე გამოტანილი, თუმცა ბოლო პროექტი, რომლითაც ის თბილისს ესტუმრა ჩემთვის ყველაზე ახლობელია, რადგან ის მღერის მხოლოდ ორკესტრთან, ყველა სხვა ელექტრონული ბგერის გარეშე, პირიქით მისი არანჟირებები საშუალებას გვაძლევენ მოვისმინოთ თუ როგორ შეუძლია კლასიკურმა სიმებიანმა ორკესტრმა თავად მიაღწიოს მეტალის, ელექტრო ბგერის და სხვა ხმოვანი ეფექტების ჟღერადობას. თავად ბიორკია ავტორი საორკესტრო ვერსიების და რეპეტიციაზე თავადვე უხსნიდა ჩვენს მუსიკოსებს თუ როგორი ხმოვანების მიღწევა სურდა ამ არანჟირებებზე მუშაობისას. პირველი კონცერტი ამ პროგრამით ლონდონის როიალ ალბერტ-ჰოლში მისცა და 8000 (რვა ათასი) მსმენელი ნახევარი საათი არ ცხრებოდა აპლოდისმენტებისგან. მერე რამდენიმე ქვეყანა მოიარა და ახლა სოუ ფესტივალის და სანდრო ლომინაშვილის დამსახურებით ჩვენთვის იმღერებს. ჰოდა იცით, ალბათ არ არის იოლი მისი მუსიკა, არც გასართობია და არც უბრალოდ სასიამოვნო, ყველა ვინც კონცერტზე დააპირებს მოსვლას (ფილარმონიაში ჯერ კიდევ არის ბილეთები და მუსიკის მოყვარულებო არ გამოტოვოთ შანსი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალია ფასი) უნდა იცოდეს, რომ მას იმ საღამოს სცენიდან მუსიკის ენით დაელაპარაკება ისლანდიის საოცარ ბუნებაში აღმოცენებული გენიოსი, რომელიც ყველაფერს რასაც აკეთებდა და აკეთებს არის თავისი, მისი ენა, მისი სტილი, მისი ჰარმონია, მისი ხასიათი, მისი აღმოჩენები, მისი წიაღსვლა და მისი ხედვა სამყაროს მიმართ. და ეს ყველაფერი თავის კვალს დატოვებს ჩვენში, ისევე როგორც ჩემში დატოვა და ყველას წინაშე კიდევ ერთხელ ვიტყვი: ის რომ მე გამომივიდა გია ყანჩელის მუსიკის პროექტი, კიდევ არაერთი გაორკესტრება თუ საკუთარი ნაწარმოები ვუმადლი ამ სასწაულ მუსიკოსს და მისი მუსიკით წლების მანძილზე მიღებულ შთაბეჭდილებებს…

P.S. კონცერტს უდირიჟორებს ბიორკის პროექტების მუს. ხელმძღვანელი ისლანდიელი დირიჟორი ბიარნ ფრიმანი, რომელიც დღეს ჩამოვიდა. ის დაჰყვება მომღერალს საგასტროლო ტურებში და მათ შორის თბილისშიც. მე კი თქვენთან ერთად გადავინაცვლებ დარბაზში და ვუგულშემატკივრებ ეროვნულ ორკესტრს ამ მეტად ძვირფას პროექტში!!!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here