21.8 C
Tbilisi
Wednesday, August 10, 2022

ბიორკი კახეთში, სვანეთში, გურიასა და ზემო აჭარაში იმოგზაურებს – მომღერლის ვიზიტის დეტალები

SOU ფესტივალის ხანგრძლივი მოლაპარაკებები თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ მუსიკოსთან წარმატებით დასრულდა. ფესტივალისა და Rooms Hotels-ის ორგანიზებით, ისლანდიელი შემსრულებელი ბიორკი საქართველოს რამდენიმე დღით ესტუმრება და ორ ლაივკონცერტს გამართავს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით. მისი ვიზიტის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, კონცერტებია, მაგრამ ბიორკი აქ მხოლოდ საკუთარი მრავალწლიანი მუსიკალური გამოცდილების გასაზიარებლად არ ჩამოდის, ის აპირებს, რომ საქართველოდანაც „წაიღოს“ ჩვენი მუსიკალური მემკვიდრეობის მარცვალი…

რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში სპეციალური ექსპედიცია დაიგეგმა, მისივე სურვილით და ისლანდიელი მომღერალი გურიაში, ზემო აჭარაში, სვანეთში და კახეთში იმოგზაურებს, სადაც ქართული ფოლკლორის ნიმუშებს მოისმენს. ფესტივალის ორგანიზატორების სურვილიც ესაა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ექსპორტირებული ხელოვნების პარალელურად, საკუთარიც გააცნოს სხვებს და ქვეყნის საზღვრებიც უფრო ხშირად და მეტი ინტენსივობით გადაალახვინოს. ეს მიზანი აშკარად შესრულებული იქნება ბიორკის ვოიაჟით საქართველოს რამდენიმე კუთხეში. როგორც ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა შენიშნა, გამორიცხული არ არის, ამ დღეების განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებები მოგვიანებით ცნობილი ისლანდიელის შემოქმედებაშიც აისახოს…

ბიორკის კონცერტები 31 ოქტომბერს (დიდი საკონცერტო დარბაზი) და 3 ნოემბერს (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი) გაიმართება. აღსანიშნავია, რომ თბილისი არის იმ ოთხ ქალაქს შორის, რომელსაც ბიორკი ამ მცირე ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. ორივე კონცერტზე მთლიანობაში 3000 ბილეთია ხელმისაწვდომი, მათი საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია, დარჩენილია მხოლოდ მაღალფასიანი ბილეთები. ბილეთების დაახლოებით 20% საზღვრებს გარეთ გაიყიდა. როგორც ფესტივალის წარმომადგენელმა ხუმრობით აღნიშნა, გასაკვირია, მაგრამ საქართველოში ბიორკის კონცერტებზე მსოფლიოდან საინტერესო თავყრილობა გვექნება, მეზობელი ქვეყნები რომ არ ჩავთვალოთ, სტუმრები ჩამოდიან ბელგიიდან, გერმანიიდან…

ბიორკის კონცერტებზე წარმოდგენილი იქნება მისი უახლესი ნამუშევარი, სახელწოდებით „Vulnicura“, რომელიც კრიტიკოსებმა წლის საუკეთესო ალბომად დაასახელეს. გარდა ამისა, ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ რამდენიმე ძველ  და ახალ სიმღერასაც მოვისმენთ, თუმცა ეს კონტრაქტით გათვალისწინებული არ არის.

როგორც ნიკოლოზ რაჭველმა fortuna.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ბიორკის სტუმრობა საქართველოში ისტორიული მომენტია.

ნიკა, ბიორკი ეს არ არის მუსიკა ყველასთვის. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ დიდი მუსიკოსის მიმართ და როგორი შეგრძნება გაქვთ მისი ჩამოსვლის წინ?

ნიკოლოზ რაჭველი:

საერთოდ, ყოველთვის, დიდი არტისტი და ხელოვანი გამოირჩევა იმით, რომ ის უსწრებს დროს. ბიორკი მუდამ უსწრებდა დროს 90-იან წლებშიც, 2000-იანებშიც და ახლაც. შეიძლება ჩაითვალოს, რომ მისი მუსიკა არ არის საყოველთაო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მთელ მსოფლიოშიც და მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც, არიან ადამიანები, ვინც ისე მიჰყვება მუსიკალურ პროცესებს სხვადასხვა ჟანრში, რომ მისთვის ბიორკის მუსიკა არათუ ძვირფასია, არამედ აცნობიერებს, რომ საქმე გვაქვს ერთ-ერთ უდიდეს ისტორიულ მოვლენასთან – ის, რომ თბილისში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ორ კონცერტს მართავს, არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი ფაქტი. ეს არ არის უბრალოდ, კომერციულად დიდი ვარსკვლავის გასეირნება ერთდღიან ტურზე საკონცერტოდ ჰონორარის მიღების მიზნით. საუბარია იმაზე, რომ ჩამოდის ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მოგზაურობს სხვადასხვა რეგიონში, უსმენს ქართულ ფოლკლორს, პარალელურად, ასმენინებს თავის ბოლოდროინდელ საკონცერტო შემოქმედებას ორი დღის განმავლობაში ქართველ და საქართველოში ჩამოსულ მსმენელს…  ეს ყველაფერი ხდება SOU ფესტივალის ეგიდით, რომელის პლატფორმაც ჩვენს ქვეყანაში სიახლეების დანერგვაა. არც კი მახსოვს, ბოლოს როდის ყოფილა ასეთი მოვლენა ჩვენს ქვეყანაში.

ნინო მურღულია

Latest Posts

ბოლო სიახლეები