მედიისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, ბათუმის საავტორო ფილმების კინოფესტივალის პრეზენტაცია 7 ივნისს გაიმართა. რიგით მე-13 კინოფესტივალის ორგანიზატორი ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“-ა, ოფიციალური პარტნიორი კი ქ. ბათუმის მერია.
პრეზენტაციაზე BIAFF 2018 კინოფესტივალისთვის დაგეგმილ ძირითად პროგრამებზე, ლოკაციებზე და მასტერკლასებზე იყო ინფორმაცია მიწოდებული. ასევე აკრედიტაციების და ვორქშოპების შესახებ.
როგორც კინოფესტივალ BIAFF -ის დირექტორი აღნიშნავს, საქართველოში კინოფესტივალის იდეა, მანამდე ჩამოყალიბდა ვიდრე ფესტივალი დაარსდებოდა.
გიორგი გოგიბერიძე:
მაშინ, როდესაც კინოთმცოდნეობას ვსწავლობდი, ჩემი ფილმი ჩეხეთში იმ კინოფესტივალზე მოხვდა, რომელსაც ახალგაზრდა კინემატოგრაფები ატარებდნენ. მაშინ ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, რომ კარგი აზრი იქნებოდა, ჩვენს ქვეყანაშიც მსგავსი ფესტივალი ჩამოყალიბებულიყო და ჩამოყალიბდა კიდეც. პირველივე ფესტივალი საკმაოდ წარმატებით ჩატარდა. არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იყო ფილმები წარმოდგენილი.
ზვიად ელიზიანი:
ფესტივალზე სხვადასხვა ჟანრის ფილმები იქნება წარმოდგენილი. მონაწილეობას იღებენ როგორც პროფესიონალი, ასევე დამწყები რეჟისორები. იქნება სადებიუტო ფილმებიც წარმოდგენილი. დასახელდება სხვადასხვა ნომინაცია: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ქალი და კაცი მსახიობი და ასევე ჟიურის სპეციალური დიპლომი.
ზურაბ მაღალაშვილი:
ბათუმის BIAFF-ის კინოფესტივალი მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ კულტურაში. ფესტივალი საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა ქვეყნიდან შევიკრიბოთ კინემატოგრაფისტები, ვისაუბროთ ახალ ტენდეციებზე, გავეცნოთ ერთმანეთის კულტურას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც გასულ წლებში, ორგანიზატორები წელსაც საინტერესო პროგრამას შემოგვთავაზებენ.
როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, ფესტივალი კინომოყვარულებს და მაყურებელს წელს ბევრ სიურპრიზს და საინტერესო სიახლეებს ჰპირდება.
შეგახსენებთ, რომ რიგით მე-13 ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 16-23 სექტემბერს გაიმართება. მისი მედიაპარტნიორები კი რადიო „ფორტუნა“ და „ფორტუნა +“-ია.