ყველაზე ცნობილი ალბინოსი მსოფლიოში – მოგზაურმა დრიუ ბინსკიმ თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე, რომელსაც მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ბერა ივანიშვილის შესახებ მოამზადა.
დრიუ ამბობს, რომ საფრანგეთში დაბადებული ბერა მულტიკულტურულ საზოგადოებაში გაიზარდა. „მე ხუთ ენაზე ვსაუბრობ, ქართულად, ინგლისურად, რუსულად, ფრანგულად და სიყვარულის ენაზე, ამის თქმის გამო ჩემი ცოლი მომკლავს… საქართველო ჩემი ღირსებაა. სადაც უნდა წავიდე, საქართველოს წარმოვადგენ“.
ვიდეოში საუბარია ბერას მუსიკალურ მისწრაფებებზე და იმაზე, თუ როგორ უყვარს სტუდიაში ყოფნა.
ვიედოში ნახსენებია ბერას ოჯახი და ბიძინა ივანიშვილი და აღნიშნულია, რომ ის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია.
ბერა ალბინოსობის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს – „მე მჯერა, რომ დავიბადე განსხვავებული. უბრალოდ, ვცდილობ, ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. მინდა, აუდიტორიამ ისეთი გამიცნოს, როგორიც ვარ. მუსიკალურ ინდუსტრიაში სახელის მოხვეჭა ჩემთვის საკმაოდ რთული იყო, ხმის ჩამწერმა სტუდიებმა და მათ არ დავასახელებ, მითხრეს, ჩვენ ძალიან მოგვწონს შენი მუსიკა, მაგრამ არ ვიცით, როგორ წარგადგინოთ ბაზარზეო. მე მყავს პატარა ძმა, რომელიც ზუსტად ჩემსავით გამოიყურება. როცა ვიზრდებოდი, არავინ მყავდა გარშემო… მაგრამ ძალიან თავდაჯერებული ვიყავი და ჩემს განსხვავებულობას ვუყურებდი, როგორც ჩემს ძალას…“