ბექა ბროლაძემ კლიპის პრემიერა დაბადების დღეს დაამთხვია – „სადღესასწაულო ტორტიც კი არ მიჭამია…“

0
1126

ბექა ბროლაძის ახალი კლიპის პრემიერა 2 ოქტომბერს „ვერანდა მუშტაიდში“ შედგა. მომღერალმა საზოგადოებას ის ვიდეორგოლი წარუდგინა, რომელშიც წყალქვეშ გადაღებული კადრები შევიდა.

სიმღერა, რომელიც მაიკო კაჭკაჭიშვილსა და აჩიკო ვანიშვილს ეკუთვნით, ბექას პირველი შეთავაზებისთანავე მოეწონა და მისი ჩაწერა გადაწყვიტა. სიმღერა გიგა კუხიანიძის სტუდიაში ჩაწერეს, არანჟირება აჩიკო ვანიშვილს (ძვალი) ეკუთვნის, ხოლო მასტერინგი: კობა მესხიას.

რაც შეეხება ვიდეორგოლს, რეჟისორი თათა მეტივიშვილია, ოპერატორი სალომე საღარაძე, მონტაჟის ავტორი კი თამუნა ტაბატაძე.

კლიპში მონაწილეობენ მოდელი გოგონები მარიამ მჭედლიშვილი და თაკა ქუნთელია.

პრეზენტაცია მომღერლის დაბადების დღეს დაემთხვა, თუმცა კლიპის გამო ისე ნერვიულობდა, რომ დაბადების დღე აღარც ახსოვდა. ბექამ ღიმილით გვითხრა, რომ სადღესასწაულო ტორტიც არ უჭამია.

ბექა ბროლაძე:

უღრმესი მადლობა ამ პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე მედიის წარმომადგენლებს. მინდა აღვნიშნო, რომ ველოდებოდი აქტიურ გამოხმაურებას, მაგრამ არა იმას, რაც სოციალურ ქსელში ხდებოდა. მედიამ მხარი მაქსიმალურად დამიჭირა, ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო ამისთვის. მაქსიმალურად გააშუქეს კლიპის პრეზენტაცია. ორი კვირა არ არის, რაც სიმღერა დავიწყე და ამ სფეროშ დიდი ხანია, ვარ, მაგრამ ასეთ რეზონანსს ნამდვილად არ ველოდი.

სიმღერის სახელწოდებაა „მხოლოდ შენ“, თავიდან სხვა სახელი დავარქვით, მაგრამ მე და მაიკო კაჭკაჭიშვილს არ მოგვეწონა და ბოლოს შევცვალეთ.

ვიცი, რომ 2 ოქტომბერს დაბადების დღე გქონდა…

მქონდა, მაგრამ ვის ახსოვდა? სადღესასწაულო ტორტიც კი არ მიჭამია. როცა ტორტის გაჭრის დრო დადგა, მაშინ მივხვდი, რომ დაბადების დღე მქონდა. ბინდი მქონდა გადაკრული და ისეთი გადაღლილი ვიყავი ემოციებისგან და ნერვიულობისგან, რომ კლიპის გარდა არაფერი მახსოვდა.

მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, რომლებმაც სიმღერით მომილოცეს გუშინდელი დღე და კლიპის პრემიერა. ქეთი გომართელს, მიშა სულუხიას, მარიკა თხელიძესა და ნინი შერმადინს!,..

ვფიქრობ, კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი გადავდგი ჩემს კარიერაში. მეორე კლიპის იდეაც დაიბადა და არ ვაპირებ გაჩერებას. მაყურებელს ახალ ვიდეორგოლს გაზაფხულისკენ შევთავაზებ (იღიმის).

ახალ კლიპს მაყურებელი როდის იხილავს?

მაქვს სურვილი, რომ ტელეპრემიერა გაკეთდეს. აუცილებლად დავწერ, როდის გექნებათ მისი ტელეეთერით ნახვის შესაძლებლობა, შემდეგ კი ინტერნეტსივრცეშიც განვათავსებ…

ნინო მურღულია

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here