“სუხიშვილების” სოლისტი, თამარ ხურცილავა ერთ-ერთი ბედნიერი გახლდათ მათ შორის, ვინც გუშინ, “სუხიშვილების” 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნეს დასკვნით კონცერტზე, ოროთახიანი ბინა მიიღო სამშენებლო კომპანია “სვეტისგან”.
როგორც ილიკო სუხიშვილმა კონცერტის მსვლელობისას განაცხადა, ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა და დიდხანს ემზადებოდნენ, რომ ანსამბლის წევრებისთვის სიურპრიზი მოემზადებინათ.
ბინები მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეს საჩუქარი ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. საზოგადოებაში ამ ამბავმა ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია, თუმცა, რასაკვირველია, ყველაზე მეტად გახარებული ანსამბლის დასაჩუქრებული წევრები არიან.
თამარ ხურცილავა:
როგორც ილიკომ გუშინ აღნიშნა, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ეს ნამდვილად ასეა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმას, თუ როგორი მადლიერი ვარ და ამის გადმოცემა ალბათ, შეუძლებელია. განსაკუთრებული მადლობა ნინო სუხიშვილს, რომ ეს მოახერხა.
ჩვენ ვიცოდით, რომ ამ საღამოს ჩვენი ანსამბლის ორი ძველი მოცეკვავისთვის უნდა გადაეცათ ბინები, ჩვენთვის კი შესაძლებელი იქნებოდა ბინების ფასდაკლებით შეძენა. წარმოდგენაც არ გვქონდა, რა სიურპრიზი მზადდებოდა იმ 18 ადამიანისთვის, რომლებიც წლებია, ვწვალობთ – ამას მართლა წვალება ჰქვია და ქირით ვცხოვრობთ.
ჩემი მშობლები დასავლეთში ცხოვრობენ. მე თბილისში ბინა არ მქონია. რომ ჩამოვედი, ხან ერთ ნათესავთან ვცხოვრობდი, ხან – მეორესთან. ბოლო წლებია, ქირით ვცხოვრობ. ასე ვარ 15 წელიწადია (იღიმის). ძალიან რთულია, როცა საკუთარი სახლი არ გაქვს…
როცა გამოაცხადეს, რომ ბინა გადმომეცა, ისეთი ემოციები დამეუფლა, რომ ხელები ავიფარე და ტირილი დავიწყე. მერე დამცინოდნენ, იმის მაგივრად, რომ გაგეხარა, ტიროდიო. გოგონები შემომეხვივნენ, მეხუტებოდნენ, ყველაფერი ბუნდოვანი გახდა. კარგად არ მახსოვს ის მომენტი, როდესაც ილიკოსა და ნინოსთან მივედი და მადლობაც ვერ ვთქვი წესიერად… ხმას ვერ ვიღებდი. მერე თანდათან დამიბრუნდა გონება და გავაცნობიერე, რომ ბინა მაჩუქეს. მართალია, ბოლომდე მაინც ვერ გავიაზრე ეს ახალი ამბავი, მაგრამ დღეს უკვე ვფიქრობ, როგორ მოვაწყობ…
სუხიშვილები მეზობლები ვიქნებით (იღიმის). ახალ წელს ახალ სახლებში შევხვდებით… ჩვენი სახლი ნახალოვკაშია, ძალიან კარგ ადგილას, პატარა ქალაქივით შენდება, როგორც ვიცი.
ნამდვილად არ მეგონა, რომ ჩემი ბინა მექნებოდა. შოკში ვარ (იღიმის). მთელი ღამე არ მიძინა, დილის 7 საათზე, როგორც იქნა, ჩავიძინე… ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო!..
ნინო მურღულია