ანა კოშაძე: „ჩემი მეუღლე გვიმზადებს უგემრიელეს კერძებს…“

0
1300

ანა კოშაძე „რუსთავი 2“–ის დილას უძღვება. ერთი კვირა ყოველდღიურად ის იქნება ეთერში, შემდეგ კვირას კი დაისვენებს და შინ ოჯახის გარემოცვაში გაატარებს. ანას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, 11 და 8 წლის ბავშვებს საკმაოდ კარგად ართობს, ხან სამაგიდო თამაშებით, ხან „ჰარი პოტერის“ წიგნების ერთობლივი კითხვით, ხანაც კულინარიული ექსპერიმენტებით, გოგონებმა ამას წინათ, დედის დახმარებით პური გამოაცხვეს. ანასთან ერთად მისი მამიდა ცხოვრობს, რომელიც ყველანაირ სახლის საქმეში ეხმარება, ამიტომაც თავად სამზარეულოში დიდხანს ტრიალი არ უწევს, სამაგიეროდ, მისი მეუღლე უგემრიელეს კერძებს ამზადებს.

ანა კოშაძე:

რატომღაც შიში საერთოდ აღარ მაქვს. ოჯახის სხვა წევრებს, ვინც ჩემთან არ ცხოვრობს, არ ვნახულობთ, ბებიას, დედამთილ–მამამთილს… ჩემს ოჯახზე ნაკლებად მეშინია, მგონია, რომ თუ რამე იქნება, მოვერევით. მეტ–ნაკლებად ვითვალისწინებ რეკომენდაციებს, თუმცა ისეთ საქმიანობას ვეწევი, რომ მაკიაჟს პირბადეზე ვერ გამიკეთებენ… ჩემი მეგობრები მეუბნებიან, შენ რა გენაღვლება, მუშაობო. ახლა, შეიძლება ითქვას, რომ სამსახურში სიარული ერთგვარი გამონათებაა და სასიამოვნოცაა.

სამსახურში გავიყავით ორ ჯგუფად, ერთი კვირა დილის ექვსიდან ათამდე მიწევს მუშაობა, შემდეგ იმავე დღეს, მეორე დღის დასაგეგმად, ექვსიდან ცხრამდე. ყოველდღიურად ცოტა რთული რეჟიმია. შუადღეს ვცდილობ, გამოვიძინო. ახლა დავისვენებ და წავალ ისევ სამსახურში. სამაგიეროდ, შემდეგ ერთ კვირას დავისვენებ. მეორე სამსახურში დისტანციურად ვმუშაობ.

ბავშვებთან ერთად ყოფნა შინ ძალიან სასიამოვნოა. რა პოზიტიურ მხარეებზე შეიძლება საუბარი მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა, მაგრამ თუკი რაიმე დადებითის თქმა შეიძლება, ეს ბავშვებთან დიდი დროის გატარების შესაძლებლობაა. ჩემი შვილები ონლაინგაკვეთილებს ესწრებიან, თუმცა უმცროსს სჭირდება ხოლმე ჩემი მიხმარება. ადრე დამოუკიდებლად ამზადებდნენ გაკვეთილებს, ახლა მაინც არის საჭირო მშობლის ჩარევა.

ბავშვები ნაკლებად წუწუნებენ, რადგან ჩვენთან ერთად ერთობიან.

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here