23.8 C
Tbilisi
Thursday, September 22, 2022

ამერიკული პრესა ზაზა ფაჩულიას მეორე ადგილს ვერ ეგუება!..

„NBA“-მ „ოლ სთარის“ თამაშისთვის კალათბურთელების შესარჩევი პროცესის პირველი შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. ფანების ხმების მიხედვით, დასავლეთის კონფერენციიდან პირველ ადგილზეა კევინ დურანტი, ხოლო მეორეზე – ზაზა ფაჩულია. ამერიკული პრესა, ისევე, როგორც წინა წელს, ახლაც განცვიფრებას გამოხატავს, რომ ქართველმა კალათბურთელმა ამდენი ხმა მიიღო, კერძოდ, 439 675. ზოგიერთი ამერიკელი სპორტული მიმომხილველი გაკვირვებულია იმით, როგორ შეძლო ზაზამ ამ რაოდენობის ხმის მოპოვება და აღნიშნავენ იმას, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველების დამსახურებაა.

როგორც USA Today სტატიაში წერს, „ზაზა ფაჩულია „ენბიეის“ ფანების სიის თითქმის სათავეშია… ყველაზე დიდი სიურპრიზი ამ სიაში „ვერიორსის“ ზაზა ფაჩულიას აღმოჩენაა“. სტატიის ავტორი მისი, როგორც მოთამაშის შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას. თუმცა იგივე გამოცემა ასევე წერს, რომ ეს კამპანია, რომელიც მიმართულია ზაზა ფაჩულიას „ოლ სთარში“ სათამაშოდ, ცუდი სულაც არ არის. „თუკი ეს მხიარულება უნდა იყოს და თუკი ფანებს სურთ ზაზა ფაჩულიას ნახვა, „ენბიეის“ ელიტის წინააღმდეგ, მიეცით მათ, რასაც ითხოვენ“.

ინტერნეტში ასევე ვრცელდება ამონარიდი გადაცემიდან, სადაც ერთ-ერთი სპორტული მიმომხილველი ზაზა ფაჩულიას ამ სიაში დანახვისას, ასე ვთქვათ, გაკვირვებისგან ადგილს ვერ პოულობს და კითხულობს, ვინ არის ზაზა.

ქართულ სოცქსელებში კი ზაზა ფაჩულიას მეორე ადგილს ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს. დილიდან ხალხმა ისევ დაიწყო უკვე კარგად ნაცნობი ფრაზის დაპოსტვა – NBAvote zaza pachulia.

თუმცა გუშინვე გახდა ცნობილი ერთი საინტერესო დეტალი, რომელსაც აქამდე არ ახმაურებდნენ. როგორც ამერიკული პრესა წერს, ხმის მიცემის წესები შეიცვალა და ფანების ხმებს (50%) დაემატება ასევე მედიისა და მოთამაშეების ხმები (25-25%), აქედან დაითვლება შუალედური შედეგი. სწორედ ამის გათვალისწინებით, ქართველებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობა ჰმართებთ, რომ ზაზას თაყვანისმცემლებისგან კიდევ უფრო მეტი ხმა ერგოს.

სპორტის დიდ გულშემატკივარს, გოჩა თანდარაშვილს ვკითხეთ მოსაზრება იმის თაობაზე, როგორ უყურებს ამერიკული პრესის ასეთ შეფასებებს.

გოჩა თანდარაშვილი:

მართალი გითხრათ, ქართველებს ძალიან ნაკლებად გვაინტერესებს, დამარკუს კაზინსი მანდ ითამაშებს თუ არა, ჩემიანის ნახვა მინდა და რადგან „ენბიეი“ ამის შანსს მაძლევს, რატომ არ უნდა გამოვიყენო? ზოგიერთი ამერიკული გამოცემა წერს, თუკი ხალხს სურს ზაზას ნახვა, ითამაშოსო, თუმცა ძირითადად, გაკვირვებულები არიან.

მე ყველაზე მეტად ამ ამბავში ის მომწონს, რომ ერი ერთად რაღაც საქმეს აკეთებს. არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ხმის მიცემა სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ პირადად მე მაგრად მიხარია, ბევრი ქართველი ერთი ქართველის წარმატებას რომ უწყობს ხელს. ამას აღნიშნავენ ამერიკელებიც, აი, მაგალითად, „Yahoo“ იხსენებს შარშანდელ ამბავს, როცა ზაზა ფაჩულიას მხარი ვაიქლეფ ჟანმა დაუჭირა.

ნინო მურღულია

Latest Posts

ბოლო სიახლეები