ალექსანდრა პაიჭაძის რჩევები მანდილოსნებს

0
7900

ცნობილი ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე, ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიურ პროპაგანდას ეწევა. ის ერთ-ერთი გამორჩეული გარეგნობის მქონე მოდელია, რომელიც მისი მომხიბვლელობის გამო მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ალექსანდრა „მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა.

– ალექსანდრა, თქვენ აქტიურად ეწევით ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, რატომ და როდის დაიწყეთ აქტიურად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება?

– ვარჯიშის გარდა არაერთი ინტერესი მაქვს, მათ შორისაა ფსიქოლოგია და ასტროლოგია, მშვილდოსანი ვარ და 150% ით ვამართლებ ჩემს ნიშანს. სპორტული, ენერგიული, ლაღი, ოპტიმისტი. ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ ბევრი ადამიანისთვის შემეძლო დახმარება. არა მატერიალური, არამედ ფსიქოლოგიური და მენტალური. გადავწყვიტე ჩემი ჰობი, უფრო მასშტაბური და საზიაროდ მექცია. ამიტომ თითქმის ყოველდღე ვცდილობ 1 ადამიანი მაინც ჩავითრიო იმაში, რაც ახლა უკვე ასეთი მოდური გახდა. ეს არის ვარჯიში და შედარებით ჯანსაღი ცხოვრება. უსიგარეტოდ, სწორი კვებით, პოზიტივით, მიზანსწრაფულობით, შრომისმოყვარეობით. ის რასაც მე ვცდილობ მხოლოდ უკანალის და სხეულის ვარჯიში არაა, არც მოწონებების და გამომწერების ამბიცია არ მაქვს, მეგობრებიც ცოტა მყავს სოციალურ ქსელში. მოკლედ 2 წლის წინ ჩავიფიქრე რომ მთელი საქართველო უნდა ავავარჯიშოთ და ვაჩვენოთ რომ შეუძლებელი არაფერია, შედეგის თვალსაზრისით…

– რას ურჩევთ ქალებს, მიმზიდველად რომ გამოიყურებოდნენ, რა არის ამისთვის აუცილებელი? სილამაზის თქვენებური რეცეპტი თუ გაქვთ?

– იმისათვის რომ ქალბატონები კარგად გამოიყურებოდნენ, ვურჩევ თვითშეფასება აიმაღლონ, თავდაჯერებულობა მოიმატონ, საკუთარი თავის სიყვარულით დატკბნენ, აუცილებლად მეტი მონდომება და სიზარმაცის გადალახვაა საჭირო. პირველ რიგში ქალბატონებს ვურჩევდი, რომ მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას, განვითარებას და მიზნებს მიაქციონ ყურადღება. კარგად შეისწავლონ და მოუსმინონ საკუთარ თავს, სხეულს. ბოლომდე გაიაზრონ, რომ უნიკალურები არიან და გამოარჩიონ ყველა საუკეთესო თვისება საკუთარ თავში და ამაზე უფრო მეტი იმუშაონ. არავის გააბედინონ უმიზეზოდ დაჩაგვრა ან შეურაცხყოფა. სილამაზის ჩემებური რეცეპტი არის, სულიერი სიმშვიდე, თვითრწმენა, ამბიცია, თავის მოვლა მაქსიმალური შესაძლებლობებით, ვარჯიში. იმისთვის, რომ თუნდაც პარტნიორთან ძლიერი და შეუდარებელი იყოს და შეეცადონ ბევრი ექსპერიმენტი გააკეთონ ცხოვრებაში და გარეგნობაშიც. გაიხალისონ ცხოვრება და არავის შეადარონ საკუთარი თავი ან სხეული, ან მიღწევები.

– მოდი საახალწლო გეგმებზეც ვისაუბროთ, სად შეხვდებით ახალ წელს და ვისთან ერთად?

– ახალ წელს ოჯახში შევხვდები. შემდეგ მეგობრებთან ვაპირებ. წელს გადავწყვიტე შინაურულად აღვნიშნოთ ახალი წელი.. დიდი სურვილი მაქვს ქალაქგარეთ წასვლის და ალბათ რამდენიმე წყვილი ასეც მოვიქცევით.

– როგორი ტრადიციები გაქვთ ახალი წლის სამზადისთან დაკავშირებით?

– სახლში უკვე მოხალული ნიგოზის სუნია და შემწვარი თაფლის… არ მიყვარს ახალი წლის სუფრის აჟიოტაჟი. გოჭის წინააღმდეგი ვარ ყოველთვის. 31 დეკემბერს მამლის წელი ნამდვილად არ იწყება, ასე რომ ქათმის გემრიელი კერძები მექნება. სალათები და სტეიკები. მინდა რომ 2016 წელმა რაც გვასწავლა და შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში, 2017-ში უკეთ გაგრძელებულიყოს. საკმაოდ რთული და მსუყე წელი მქონდა და ნამდვილად ვიმსახურებ ჯილდოს, ისევე როგორც ყველა დანარჩენი! გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here