მედიაში Fix Group-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და ბენრზე დაყრდნობით დაიწერა, რომ 3 მარტს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ლეგენდარული იტალიელი შემსრულებლის, ადრიანი ჩელენტანოს კონცერტი. ამ ახალმა ამბავმა თავიდანვე გამოიწვია დიდი რეზონანსი და სკეპტიკური დამოკიდებულება, ვინაიდან გამოცდილი პრომოუტერებისთვის ცნობილია, რომ 71 წლის მუსიკოსს ფრენა არ უყვარს და ამიტომაც კონცერტების ჩატარებას არ თანხმდება.
„სპუტნიკ საქართველოსთან“ ინტერვიუში, რომელიც შემდგომ საინფორმაციო პორტალმა GHN-მაც გააზიარა, კომპანიის წარმომადგენელი ყველას არწმუნებდა, რომ ჩელენტანოსთან შეთანხმებას მიაღწიეს და სწორედ მისი კონცერტი გაიმართებოდა საქართველოში. მან აღნიშნა: „ამ საქმეში ბევრი მეგობარი და კომპანიაა ჩართული. რადგან პირველი და ყველაზე დიდი პრობლემაა მისი აქ ჩამოყვანა. მრავალი ლეგენდა დადის, იქიდან დაწყებული, რომ მას ფრენისა ეშინია და იმით დამთავრებული, რომ იტალიას საერთოდ არ ტოვებს. მაგრამ დღესდღეობით შეთანხმება მისი გამოსვლის შესახებ არის. რაღაცნაირად მოხერხდა მისი მიწვევა რუსეთში და იქიდან — საქართველოში ჩამოყვანა”. აქვე ირაკლი კაკაბაძემ დასძინა, რომ ჩელენტანო საქართველოში უჰონორაროდ გამოსვლას დათანხმდა, რამაც თავიდანვე ეჭვი გამოიწვია მკითხველს შორის.
ბანერი, რომელიც ასევე გავრცელდა Fix Group-ს სახელით, იუწყებოდა, რომ ადრიანო ჩელენტანო ჩამოდიოდა საქართველოში.
2 სექტემბერს კი საპრომოუტერო კომპანიამ განათავსა ვიდეო და შეცვლილი ბანერი Biletebi.ge–ზე, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისში კონცერტს გამართავს არა ადრიანო ჩელენტანო, არამედ მისი ორეული, ადოლფო სებასტიანი. ინფორმაციაში მითითებულია, რომ შესრულდება ყველა ჰიტი იტალიელი მსახიობის რეპერტუარიდან ბენდის LUI E GLI AMICI DEL RE მიერ.
ბილეთები უკვე იყიდება, თუმცა მომხმარებელი Fix Group-ს „ფეისბუქ“-გვერდზე უკმაყოფილებას გამოთქვამს ამ ცვლილების გამო.
ამავე კომპანიამ 2018 წლის მარტში Imagine Dragons -ის ჩამოსვლის შესახებაც განაცხადა და რადიო „ფორტუნას“ ინტერვიუ მისმა წარმომადგენელმა მისცა, სადაც აღნიშნა:
„ცნობილ ჯგუფს ევროპული ტურნე აქვს, უკრაინა იყო ტურნეს ბოლო ქვეყანა. ამ ტურნეს ჩვენი პარტნიორი კომპანია აწყობს, შესაბამისად, ჩვენც მივიღეთ შეთავაზება და მოვილაპარაკეთ, რომ უკრაინიდან სექტემბერში Imagine Dragons საქართველოში ჩამოვა.
აპრილის ბოლომდე ჯგუფს ჰონორარის ნაწილი უნდა გადავურიცხოთ, მოგეხსენებათ, სხვა შემთხვევაში არტისტი არ ჩამოდის. 1-ელ მაისს პრესკონფერენციას გავმართავთ, სადაც ლოკაციას და თარიღს დავასახელებთ, ხოლო 4 მაისს ბილეთების გაყიდვა დაიწყება“.
როგორც მოგეხხსენებათ, პირველ მაისს პრესკონფერენცია არ გამართულა და არც ცნობილი ჯგუფი ჩამოსულა საქართველოში…