„შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში „შავნაბადას“ კონცერტი გაიმართა

0
1834

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის – „შემოდგომის თბილისის“ – ფარგლებში 27 სექტემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ანსამბლ „შავნაბადას“ სოლოკონცერტი გაიმართა. ანსამბლი მსმენელის წინაშე განახლებული რეპერტუარით წარდგა.

🔸აფხაზეთის სიმღერის ანსამბლი „შავნაბადა“ 2005 წელს ჩამოყალიბდა. მისი წევრები „მართვესა“ და „ბიჭების“ აღზრდილები არიან. ,,შავნაბადას” რეპერტუარი მოიცავს ქართულ ხალხურ სიმღერებს, საკრავიერ და საეკლესიო მუსიკას. ანსამბლი აქტიურად მუშაობს საქართველოს რეგიონებში ქართული გალობა-სიმღერის რაიონული სკოლების დასაარსებლად. „შავნაბადა“ მუდმივად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კონცერტებთან ერთად ატარებს ქართული სიმღერა-გალობის მასტერკლასებს, ლექცია-კონცერტებს და მონაწილეობს ფესტივალებში. გასულ წლებში ანსამბლმა წარმატებით ითანამშრომლა მსოფლიოში გამოჩენილ მსახიობებსა და მუსიკოსებთან: რიშარ გალიანო, უეჰარა ჰირომი, რალფ ფაინსი, სარა კობამა, ჯენი სმიტი და ა.შ… 2016 წელს ,,შავნაბადა” მიიწვიეს მსოფლიოში ცნობილ ლაიპციგის „გევნდჰაუსში“, საიდანაც კონცერტები, გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ანსამბლს არაერთხელ დაუმსახურებია სხვადასხვა მედიის ყურადღება, მათ შორის, „BBС “-ის.

1993 წელს კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაარსებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ მუსიკალურ მოვლენად იქცა. ფესტივალს უკვე კარგად იცნობენ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ფესტივალის პროგრამა მეტად მრავალფეროვანია და გამოირჩევა მუსიკალური შედევრების სიმრავლით, ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებისა და ქართული ტრადიციული მუსიკის წარმოჩენას. ,,შემოდგომის თბილისს” ყოველწლიურად გამოჩენილი მუსიკოსები სტუმრობენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here