ტელეკომპანია „იმედი“ ახალ მუსიკალურ შოუს იწყებს. მას „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ ჰქვია და ის ამერიკული პროექტის „American Idol“-ის ქართული ანალოგი გახლავთ.
ტელეარხმა უკვე გამოაცხადა კასტინგი კონკურსში მონაწილეობაზე. დასავლეთ საქართველოში შესარჩევი ტურები იწყება, ქუთაისში მონაწილეობის მსურველებს ელოდებიან 3 ოქტომბერს, ზუგდიდში – 4 ოქტომბერს, ხოლო ბათუმში – 5 ოქტომბერს. ყველა ქალაქში კასტინგები 12 საათზე იწყება, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
შოუ 2002 წელს პირველად გავიდა ტელეეთერში და მიიჩნევა ყველაზე წარმატებულ და რეიტინგულ ტელეგადაცემად.
მას „იმედზე“ ახლახან გადასული „რუსთავი 2“-ის ყოფილი პროდიუსერები, გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე საკუთარ გუნდთან ერთად მოამზადებენ.