6-7 ოქტომბერს კახეთი მასშტაბურ ფესტივალს Jazz and Wine Kakheti უმასპინძლებს. მუსიკალური ღონისძიების შესახებ „თი-ბი-სი“ ბანკის წარმომადგენელმა, ნიკა ქურდიანმა და „ისთერნ ფრომოუშენსის“ დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ ისაუბრეს. მათი თქმით, ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის, ლეგენდარული ამერიკელი გიტარისტისა და მომღერლის რაულ მიდონის (Raul Midon) ტრიო და ცნობილი შვედი პიანისტისა და კომპოზიტორის ჯეიკობ კარლზონის (Jacob Karlzon) ტრიო. ფესტივალის სტუმრები არიან ასევე, ცნობილი ბასისტი ადამ ბენ ეზრა (ისრაელი) და მხიარული და „გემრიელი შოუს“ წარმდგენი იტალიური ბენდი „სპაგეტი სვინგი“ (Spaghetti Swing).
Jazz and Wine Kakheti-ს ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება – ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე, სტუმრებს საშუალებას მისცემენ, დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; ცნობილი სომელიეები ღვინის მოყვარულებს გააცნობენ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს ღვინის შესახებ; ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს, ასევე საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ რთველში და დაწურონ ღვინო.