„სილქ როუდ ჯგუფი“ ლეგენდარულ დირიჟორს, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს, მაესტრო ზუბინ მეტას, მასპინძლობს. ის საქართველოში კვირას, 10 სექტემბერს ჩამოვიდა.
14 სექტემბერს წინანდლის ახალი 1000-ადგილიანი ამფითეატრი უმასპინძლებს მაესტრო ზუბინ მეტას, ხატია ბუნიათიშვილის და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტს.
სწორედ ამ კონცერტით იწყება მზადება საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის, რომელიც 2019 წლიდან წინანდლის მამულში გაიმართება.
50 წლის განმავლობაში ზუბინ მეტას დირიჟორობით ისრაელის ფილარმონიულმა ორკესტრმა 3000-ზე მეტი წარმოდგენა გამართა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. საქართველოს მაესტრო პირველად ეწვია.
მსოფლიო კლასის ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი სამშობლოში მალე ჩამოვა და მაესტროსა და ორკესტრთან ერთად დაიწყებს მზადებას კონცერტისთვის, რომელსაც მისი უამრავი თაყვანისმცემელი ელოდება, ვინაიდან საქართველოში ხატიას გამოსვლებით ნაკლებად ვართ განებივრებულები…