მაია ასათიანი მალე „პროფილის“ რეკორდულ, მეოცე სეზონს დაიწყებს. წინასწარი ანონსიც უკვე გამოქვეყნებულია, სადაც ტელეწამყვანი თეთრ სამოსშია გამოწყობილი.
ახლახან მაიამ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ. მას არ ესმის, რატომ სურს ხალხის ნაწილს, რომ ის საფლავზე დაცემული და გაუბედურებული ნახოს.
გთავაზობთ ტელეწამყვანის სტატუსს:
„თავიდან მეგონა, მარილიანი რომ იყო, იმიტომ მოსწონდა, მერე მივხვდი… რა შუაშია, ცრემლს რომ მარილის გემო აქვს, მოდის, თათებს მუხლებზე მიწყობს, სახე სახესთან მოაქვს და ცრემლების ლოკვას იწყებს. ასეთს მხოლოდ ეს პატარა მგელი მხედავს, ნუცას მგელი! სხვას ასეთი – არავის დავენახვები – დაცემული! ასე ვუთხარი ჩემს თავს – რომ ყოველი დილა უნდა დაღამდეს და ყველა დღე, რომელიც ჩემს შვილთან შეხვედრამდე დამრჩა, უნდა ვიცხოვრო, როგორც ცოცხალმა! ჰოდა, ნუ გიკვირთ!
არაფრით მესმის, რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს, უბედურებისგან გონგადასული, საფლავზე დაცემული მნახოს! ამას ვერავინ ნახავს-ვერასდროს!
შვილმკვდარ დედებს ძალიან მძიმე, შავი აურა აქვთ. მოდიან და უბედურებას ასხივებენ. მე არ მინდა, ვიყო ასეთი!
ნუ გიკვირთ, ცხოვრებას რომ ვაგრძელებ! ნუ გიკვირთ, აქ ჩემს ცოცხალ ფოტოებს რომ ნახულობთ, ნუ ჭორაობთ ჩემს ზურგს უკან, რა სჭირს მაიას, რატომ იცინის…
ახლა ნუცა მეტყოდა, კარგი რა, დედა, რატომ აკეთებ განმარტებებს.
ამიტომ თუ ასე ძალიან გინდათ, გეტყვით – დიახ, როცა მარტო ვრჩები, მგელივით ყმუილი მინდება ხოლმე! მაგრამ ამას ვერავინ ხედავს, იმ პატარა არსების გარდა, ნუცამ რომ დამიტოვა… თვითონაც მგელია და იცის…
არადა, მეგონა, ცრემლი მარილიანი რომაა – იმიტომ არ მშორდება ხოლმე ტირილის დროს…“