ანიტა რაჭველიშვილის მასშტაბური კონცერტი პიაცაზე 23 აგვისტოს გაიმართება

0
1805

მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო შემსრულებლის, მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილის კონცერტი ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ბათუმში, პიაცაზე, 23 აგვისტოს გაიმართება. კონცერტის წარმდგენები არიან აჭარის მთავრობა და დეველოპერული კომპანია „რედკო“.

ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. პროექტის სახელწოდებაა „მუსიკა გვაერთიანებს“, ეს სახელწოდება თემატურია, ვინაიდან ღონისძიებაზე განსხვავებულ ჟანრთა სინთეზი გველის. კონცერტის მონაწილე ასევე იქნება იტალიური პროგრესული როკ-ჯგუფი „Profusion“.

პროექტი ორ ნაწილადადაა გაყოფილი, პირველი მთლიანად კლასიკურ ჟანრს დაეთმობა და ანიტა რაჭველიშვილი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ცნობილ არიებს შეასრულებს. კლასიკური ნაწილის დასასრულს კი, აღიარებული მეცოსოპრანო მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და იტალიელ მუსიკოსებთან – ბენდთან „Profusion“ წარდგება მაყურებლის წინაშე.

Profusion-ს, იტალიელებთან ერთად, ქართველი წევრიც ჰყავს, ვლადიმერ სიჭინავა, ის დრამზე უკრავს, არის ვოკალისტი და ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასევე წევრები არიან: ჯონათან კარადონა – კლავიში, ფორტეპიანო,დავიდე პეპი – ელექტროგიტარა, აკუსტიკური გიტარა, დუჩო მაჩანტი – ბასგიტარა, ატია მატეი – ვოკალი, იაკოპო პეტტინი – ხმის ინჟინერი.

Profusion 2002 წელს შეიქმნა, მათი მუსიკა ქართულ და ხმელთაშუაზღვის კულტურებს აერთიანებს, როკთან ერთად. მათ ამ დრომდე სამი ალბომი აქვთ გამოცემული და სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალის მონაწილეები არიან. რიგით მესამე ალბომში მათ ანიტა რაჭველიშვილთან ითანამშრომლეს, ამავე ალბომის მონაწილე იყო „შინის“ სოლისტი, მამუკა ღაღანიძე. 2017 წელს გამოსაცემად მზადდება ჯგუფის რიგით მეოთხე ალბომი, რომელშიც ანიტა რაჭველიშვილისთვის დაწერილი კომპოზიციაც შევა. ეს სიმღერა ბათუმში პირველად აჟღერდება.

 

პროექტის ორგანიზატორები: ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი „კონცეპტარტი“.

პროექტის მხარდამჭერები „გია გვარამიას კლინიკა“ და „ატლასგლობალი“.

ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კომპანია „ბადაგონი“.

საინფორმაციო მხარდამჭერები:  რადიოჰოლდინგი ფორტუნა,  ტელეკომპანია „იმედი“, მედიაჰოლდინგი „პალიტრა“, საინფორმაციო ცენტრი 118 08.

ბილეთები: www.tkt.ge

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here