რუსკა მაყაშვილმა ახალი ამპლუა მოირგო – “გავგიჟდი ბედნიერებისგან…“

0
50

რუსკა მაყაშვილი ნიკა გვარამიასთან, ნანუკა ჟორჟოლიანთან, ლევან წულაძესთან, ია ფარულავასთან ერთად, კასტინგების განმავლობაში, “ნიჭიერის“ ჟიურის მეხუთე წევრი გახდა. ჩაწერები უკვე დაიწყო. პირველ გადაცემას “რუსთავი 2“-ის ეთერში 26 ოქტომბრიდან ვიხილავთ. მანამდე რუსკასა და პროექტის მთავარ პროდიუსრს, გიორგი ხაბურზანიას გავესაუბრეთ.

რუსკა მაყაშვილი:

“ნიჭიერის“ ჟიურის წევრობაზე შემოთავაზება “რუსთავი 2“-ისგან მივიღე, კერძოდ, პროდიუსერ გიორგი ხაბურზანიასგან. გამიხარდა, გავგიჟდი ბედნიერებისგან და დავთანხმდი, თუმცა მერე დავფიქრდი და ვიკითხე, ეს ჩემგან ძალიან ამბიციური ნაბიჯი ხომ არ იქნება-მეთქი? იმას ვგულისხმობდი, პატარა ხომ არ ვარ ჟიურის წევრობისთვის, მაგრამ დამარწმუნეს, რომ ასე არ არის. ვიფიქრე, რატომაც არა? პირიქით, საინტერესოა, როცა ახალი ტიპი ჩნდება ჟიურიში. მომეწონა ეს იდეა და დავთანხმდი.

არაფრის თამაშს არ ვაპირებ. მინდა, მაყურებელმა ისეთი დამინახოს, როგორიც ვარ. ჩაწერები უკვე დაიწყო და არ ვცდილობ მაყურებლის წინაშე თამაშს.

ჟიურის მკაცრი წევრი იქნები?

არა. ისედაც არ ვარ მკაცრი, მაგრამ ცხოვრებაში პირდაპირი ვარ და მიყვარს ყველაფრის თქმა, რაც არა მგონია, კარგი იყოს. ვეცდები, ვიყო სამართლიანი.

ჟიურის წევრებს შორის დაპირისპირებებს ვნახავთ?

არა, რას ამბობთ. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მიყვარს. განსხვავებული აზრი ყველას აქვს, მაგრამ დაპირისპირება არ იქნება.

როგორი იყო პირველი ჩაწერა?

აღფრთოვანებული ვარ. დიდი ემოციის ქვეშ. გარდა იმისა, რომ ნომრები იქნება საინტერესო, გრანდიოზულია. რამდენიმე ნომერი განსაკუთრებულად მომეწონა, თუმცა ვერ გამოგიტყდები და ვერ დავასახელებ (იღიმის). მოკლედ, საოცარი “ნიჭიერი“ გველოდება წელს.

გიორგი ხაბურზანია:

ხუთი ჟიურის პრინციპი სხვა ქვეყნის “ნიჭიერშიც“ აქვთ, თუმცა განსხვავებულად. მაგალითად, ამერიკაში ლაივებზე მეხუთე წევრი ემატება და ყველა გადაცემაში სხვადასხვა ადამიანია. ჩვენც ვაპირებთ ამ პრინციპით სტუმრების მოწვევას მეხუთე ჟიურის წევრად, თუმცა კასტინგებზე მუდმივად იქნება რუსკა მაყაშვილი.

გიორგი, გვახსოვს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წინა სეზონის “ნიჭიერი“ ბოლო უნდა ყოფილიყო.
მეც მახსოვს, რომ ეს ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა არ შეესაბამებოდა სიმართლეს და იყო ვირუსული. სხვადასხვა საიტი რომ ავრცელებს ხოლმე რომელიმე ცნობილ ადამიანზე, გარდაიცვალაო, ასეთი ვირუსული ნიუსი იყო ესეც. სინამდვილეში არასდროს გვიფიქრია “ნიჭიერის“ დასრულებაზე, ვინაიდან საქართველოში მისი ანალოგი გასართობი შოუ არ არსებობს, ამხელა რეიტინგით.

ბევრის აზრით, წინა სეზონი საუკეთესო იყო. გვინდა, მაყურებელს მადლობა გადავუხადოთ და უფრო საინტერესო ახალი სეზონი შევთავაზოთ (იღიმის). სიახლეებისა და მრავალფეროვნების გარეშე შოუ საინტერესო ვერ იქნება და წელსაც გამორჩეულ ნომრებს შემოგთავაზებთ. მათ შორის იქნებიან უცხოელებიც, წინა სეზონისგან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი შემოთავაზება გვქონდა და ავარჩიეთ მხოლოდ რამდენიმე, ვინაიდან მათი ჩამოყვანა და დაბინავება თანხებს უკავშირდება. უცხოელების გამოჩენას ჩვენს შოუში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

ვფიქრობ, კარგია, რომ საქართველოში ასეთი მომთხოვნი მაყურებელია. ჩვენ ვიცით, რომ თუ ძალიან კარგბ შოუს გავაკეთებთ, მაყურებელი ამას დაგვიფასებს, მაგრამ საშუალოსა და ისე რას აუცილებლად შეგვამჩნევს (იღიმის). ამიტომაც მეტი სტიმული გვაქვს. კონკურსანტების ნაკადიც არ წყდება და სანამ ასე იქნება, “ნიჭიერს“ აუცილებლად გავაგრძელებთ.