1-ელ ივნისს საქართველოს მასშტაბით ყველაზე რეიტინგულ „არ დაიდარდოს“ 18 წელი შეუსრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“, „არ დაიდარდოს“ გუნდის დაუღალავი მუშაობის შედეგად, რადიო ამ წლების განმავლობაში მუდამ რეიტინგების მოწინავე პოზიციას იკავებს, უამრავ ახალბედა მომღერალს მისცა საშუალება, თავისი აუდიტორია ეპოვა და რასაკვირველია, ესტრადის ვარსკვლავებისთვის საინტერესო პლატფორმაა ახალი ნამუშევრების მსმენელისთვის წარსადგენად.
„არ დაიდარდოს“ მთავარი მენეჯერი, გიორგი მშვენიერაძე გვესაუბრება რადიოს შესახებ, რომელიც მისთვის წლებია, მეორე სახლად იქცა:
18 წელი შეგვისრულდა. გავხდით სრულწლოვნები.
პირველ წელს გქონდა შეგრძნება, რომ ასეთი გრძელვადიანი პროექტის ხელმძღვანელი იქნებოდი?
ნამდვილად არ მქონდა ეს შეგრძნება და ვერც წარმოვიდგენდი, რომ პირველ რიგში, 18 წელი ერთ ადგილას ვიმუშავებდი და მეორეც, რადიო „არ დაიდარდო“ ასეთი მნიშვნელოვანი იქნებოდა როგორც ჩემი ცხოვრებისთვის პირადად, ასევე მთელი საქართველოსთვის. მგონია, რომ გაამართლა…
რატომ ამართლებს დღემდე, შენი აზრით?
პირველი მიზეზი ეს არის ხალხის სიყვარული. რატომ უყვართ? ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა ჭეშმარიტად ქართული ტალღაა და ამას დავასახელებდი პირველ მიზეზად – აქ ჟღერს ქართული მუსიკა.
რატომ ვერ დაიკავა იგივე ნიშა ასეთივე რეიტინგულობით სხვა რადიოებმა?
არის სხვა ასეთი ტიპის რადიოები, ყველას თავისი ნიშა აქვს და თავისი მსმენელიც ჰყავს. ჩემგან ალბათ, უხერხულია ამაზე საუბარი – ვფიქრობ, მთლიანად ჰოლდინგის დამსახურებაა, მთლიანი გუნდი, ხელმძღვანელობა, მფლობელი, მენეჯერი, ჟურნალისტები, დაცვაც კი – ისეთი შემადგენლობაა, რომ სხვანაირად ვერც იქნებოდა, – როგორც თავის დროზე გაამართლა „ფორტუნამ“, „ფორტუნა პლუსმა“, მერე ჩვენ და მერე „ავტორადიომ“…
სიახლეებს გეგმავთ?
სიახლეები ჩვენთან სულ არის და ახლაც, რსაკვირველია, ვგეგმავთ – იქნება ახალი რუბრიკები, ვიქტორინები, რომლებიც მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ჩვენი სოციალური ქსელის ანგარიშებთან, მათ შორის „ფეისბუქზე“, „ინსტაგრამსა“ და „ტიკ-ტოკზე“. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა, პატარა ასაკის მსმენელი და გვინდა, მათთვის საინტერესო იყოს ჩვენი შინაარსობრივი მხარე. ყველანაირი კვლევით ჩანს, რომ უსმენს ყველა ფენა, კატეგორია და ასაკობრივი სეგმენტი. საბოლოო ჯამში, რომ შევაფასოთ, „არ დაიდარდოს“ მთელი ქვეყანა უსმენს.