„ირაკლი ჩარკვიანი – ისტორია“ „ბლექ სი არენაზე“ 15 აგვისტოს გაიმართება

0
3806

15 აგვისტოს, “Check in Georgia“-ს ფარგლებში BLACK SEA ARENA-ზე „ბრავო რექორდსი“-სა და „Altervision Group“-ის ორგანიზებით ირაკლი ჩარკვიანის საღამო – „ირაკლი ჩარკვიანი – ისტორია“ გაიმართება. საღამოს მსვლელობისას მუსიკოსის ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი სიმღერები  შესრულდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სტეფანე, ნინა სუბლატი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა, მაია დარსმელიძე, თიკა ბალანჩინი & „NEW ONE BAND“, “SOFT EJECT”, “GREEN ROOM”, რობი კუხიანიძე & “OUTSIDER”, “LoudSpeakers” და “EKO & VINDA FOLIO“.

ცნობილი ქართველი მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი 2006 წელს გარდაიცვალა, თუმცა, მისი მუსიკა დღესაც ცოცხალია. 2006 წელს, ქართველმა მომღერლებმა და მუსიკოსებმა – „33ა“, „მწვანე ოთახი“, “OUTSIDER”, “ვაკის პარკი“, “The Young Georgian Lolitaz”, „ზუმბა“ და სხვა შემსრულებლებმა „მეფის“ შემოქმედებას ალბომი სახელწოდებით „ქაღალდის გემი“ მიუძღვნეს. მოგვიანებით შეგროვდა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და ერთმანეთის მიყოლებით გამოიცა ორი სტუდიური ალბომი სახელწოდებით „ძირს მეფე“ და „თეთრი ღმერთი“. 2014 წელს,  „ბრავო რექორდსმა“ ირაკლი ჩარკვიანის კომპილაციური ალბომი – “The Best of King” გამოუშვა, რომელშიც მუსიკოსის შემოქმედებიდან 11 ჰიტი შევიდა.

კონცერტის მსვლელობის დროს, სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე გაეშვება ირაკლის უცნობი ფოტო და ვიდეო მასალისგან შექმნილი ინსტალაციები. საღამოს წაიყვანს გელა ჩარკვიანი.

ბილეთების ონლაინ შეძენა შესაძლებელი იქნება – biletebi.ge-ზე, ხოლო მოგვიანებით დაიწყება ბილეთების ფიზიკური სახით გაყიდვა – თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ქობულეთში, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია, წინასწარ გახდება ცნობილი.

კონცერტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here