„ეს არის ჩვენი „გრემი“ – „ოქროს ტალღის“ ყველა საინტერესო დეტალი

0
2402

20 ივნისს, მთაწმინდის პარკში, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებული წლის სიმღერის კონკურსი „ოქროს ტალღა“ გაიმართა. ამ კონკურსს უკვე აქვს ოთხწლიანი ისტორია და თავისი გამარჯვებულები, რომლებსაც კიდევ 17 კატეგორიაში დასახელებული რჩეულები შეემატნენ, მათ შორის წლის სიმღერის ჯილდოს მფლობელი სტეფანეცაა, რომელსაც ეს ტიტული სიმღერამ „დამიბრუნდი“ მოუტანა.

გამარჯვებულებს შორის არიან სოფო ნიჟარაძე (წლის საუკეთესო მომღერალი ქალი), ნოდიკო ტატიშვილი (წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი), „ქართული ხმების კვარტეტი“ – წლის ჯგუფი… ოთხმა რადიოსადგურმა – „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“, „ავტორადიო“ თავიანთი რჩეულები დაასახელეს – სტეფანე, „რეზო და ბავშვები“, სოფო ბედია და ჯგუფი „New One“, ამ უკანასკნელმა მეორე კატეგორიაშიც აჯობა ყველას და წლის რიმეიქის ჯილდო მოიპოვა სიმღერისთვის „Artificial Love“, წლის სადებიუტო პერფორმანსისთვის ეკუნა ყანჩაველი დაჯილდოვდა, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის – თეო ჯორბენაძე, საზღვარგარეთ ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის – ნინო ქათამაძე, ქართულ მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის ჯგუფი „სახე“ დააფასეს, ინტერნეტრჩეული გია დავითიანი გახდა, წლის დუეტის ტიტული ქეთი ფარესაშვილმა და ლაშა ღლონტმა მიიღეს სიმღერისთვის „ოქროყანის აღმართი“, წლის ქალაქური სიმღერისთვის ჯილდო დათო გომართელმა და „შვიდკაცამ“ აიღეს.

საღამოს სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ წელს „ოქროს ტალღის“ დაჯილდოვების ცერემონიალი განსაკუთრებული გამოვიდა. ღონისძიებას რადიო „ფორტუნას“ წამყვანები, ნიკა კაცია და ნია მოძმანაშვილი უძღვებოდნენ. ის არ მოიცავდა მხოლოდ ოფიციალურ ნაწილს, ანუ 17 კატეგორიაში გამარჯვებულების გამოვლენას, არამედ გაფორმებული იყო სხვადასხვა მუსიკალური ნომრით, გიო ხუციშვილს, დათო ხუჯაძეს, ლელა წურწუმიას, მერაბ სეფაშვილს, ლაშა ღლონტსა და ქეათი ფარესაშვილს აკომპანემენტი ჯგუფმა „რეზო და ბავშვები“ გაუწიეს, ნოდიკო ტატიშვილსა და თიკა მახალდიანს – დავით მაზანაშვილმა. ღონისძიების დასაწყისში რადიო „ფორტუნას“ დიჯეებმა სახალისო ნომერი წარმოადგინეს, პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად ცეკვა შეასრულეს და ასევე გვიმღერეს კიდეც რობი უილიამსის ცნობილი კომპოზიცია…

საღამოს სპეციალური სტუმარი გახლდათ „მოჯოს“ ვოკალისტი იან დესტალი, რომელმაც რამდენიმე ჰიტი შეასრულა და დარბაზი ააცეკვა. იან დესტალი საქართველოში სწორედ „ოქროს ტალღის“ დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. მას თან ახლდა მეგობარი გოგონა, ასევე მომღერალი და მასთან ერთად დუეტიც იმღერა. საღამო ბენდმა „Good Company“ დაასრულა…

როგორც ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ზაზა შენგელიამ აღნიშნა, „ეს ყველაფერი, რაც კეთდება, ბევრად კარგია, ვიდრე წინა წელს ჩატარებული კონკურსები“. „ოქროს ტალღაზე“ საუბრისას მან ასევე აღნიშნა: „ეს არის ჩვენი „გრემი“, რასაც სცენიდან რუსა მორჩილაძეც გამოეხმაურა და დასძინა, რომ თავადაც ასე ფიქრობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მსგავსი მასშტაბის კონკურსი, როგორიც „ოქროს ტალღაა“, არ იმართება.  ის რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ 4 წლის წინ დააარსა და როგორც მისი გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე ამბობს, „სოციალური პროექტია“, რომელიც მუსიკოსების წახალისებასა და დახმარებაზეა ორიენტირებული.

როგორი იყო გამარჯვებულთა შეფასებები, მას შემდეგ, რაც ისინი დააჯილდოვეს? Fortuna.ge ყველა მათგანის კომენტარს გთავაზობთ, მათ შორის წლის სიმღერის ჯილდოს მფლობელ სტეფანეს ემოციებსაც გაგაცნობთ…

ეკუნა ყანჩაველი:

ნამდვილად არ ველოდებოდი ამ ჯილდოს. ძალიან დიდი კონკურენცია იყო. ამ კონკურსში ამ ნომინაციაში გამარჯვებით ვფიქრობ, ჩემი კარიერის პირველი ეტაპი გადავლახე.

ნოდიკო ტატიშვილი:

„ოქროს ტალღა“ ძალიან კარგად მახსოვს, რადგან პირველ ჯერზე მე და სოფომ მოვიპოვეთ 5000-ლარიანი მთავარი პრიზი, ასევე წლის დუეტის წოდება, შემდეგ გავხდი წლის საუკეთესო პოპსიმღერის კატეგორიაში გამარჯვებული, წელს კი წლის მამაკაცი შემსრულებელი. მადლობა „ფორტუნას“ და ეს არ არის ტრაფარეტული ფრაზა, ეს ჰოლდინგი მართლა იმსახურებს მადლობას. ჩემთვის დღევანდელი დღე დღესასწაულია. ძალიან მიხარია და მართლა ბედნიერია. ხედავ, რომ ადამიანები შენს შრომას აფასებენ, ამაზე მთავარი მომღერლისთვის არაფერია. მადლობა ჩემს მსმენელს, მაიკო კაჭკაჭიშვილსა და მანანა გურგენიძეს, ასევე ბორიკო შხიანს და „ბრავო რეკორდსს“.

სოფო ნიჟარაძე:

გავხდი წლის საუკეთესო მომღერალი ქალი. უბედნიერესი ვარ, ეს არის მთავარი ჯილდო ჩემთვის. დიდი მადლობა „ოქროს ტალღას“, ჟიურის, „ფორტუნას“ მთლიანად ჰოლდინგს. ეს არის ჩემთვის სტიმული, კიდევ უფრო მეტი ვიმუშავო იმისთვის, რომ გავამართლო ეს ჯილდო და კიდევ მეტი სიმღერა შევთავაზო ჩემს მსმენელს.

ქეთი ფარესაშვილი:

ძალიან მაგარია „ოქროს ტალღა“, არაჩვეულებრივი პროექტია. ძალიან ბევრ საჩუქარს უკეთებს მომღერლებს, კომპოზიტორებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ. 20 წლის გახდა „ფორტუნა“ და ამ წლების განმავლობაში გვახარებს და დგას მაღალ დონეზე, როგორზეც ყოველთვის იდგა!..

ლაშა ღლონტი:

მადლობა ასეთი შესანიშნავი ზეიმისთვის. თურმე ჩემი პორტუგალიურ-ქართული სიმღერა საინტერესო აღმოჩნდა მსმენელისთვის. კრიტიკას ველოდი და სიყვარული მივიღე, ეს დიდი ბედნიერებაა.

ზურა ბაკურაძე:

პირველ რიგში, ვულოცავ რადიო „ფორტუნას“ 20 წლის იუბილეს. წლიდან წლამდე მუსიკოსები მონდომებულები ვართ, რომ კარგი ნამუშევრები შევქმნათ და წარმოვადგინოთ. სიმღერა, რომლითაც გავიმარჯვეთ, ნუნუ გაბუნიამ ძალიან ადრე დაწერა, ახლებურად გავაჟღერეთ და გვიხარია, რომ მაყურებელმა ისე მოიწონა, რომ „ქართული ხმები“ „წლის ჯგუფი“ გავხდით.

დათო გომართელი:

„ოქროს ტალღა“ ძალიან კარგი წამოწყებაა და რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით. ძალიან დიდი სტიმულია მუსიკოსებისთვის, ლექსისა და სიმღერის ავტორებისთვის, ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ერთი ღონისძიება მაინც ტარდება, რომელიც ქართულ სიმღერას ეხება.

მე და „შვიდკაცა“ შარშანდელი გამარჯვებულები ვიყავით დუეტის ნომინაციაში, წელს საუკეთესო ქალაქური სიმღერის კატეგორიაში გავიმარჯვეთ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ მოვიფიქრებთ რამეს შემდეგი დაჯილდოვებისთვის (იღიმის).

გიორგი ლომთათიძე:

უღრმესი მადლობა რადიო „ფორტუნას“ და ჟიურის წევრებს. ჩვენი დუეტები დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც ძალიან გვიხარია. ესაა სტიმული, რომ ახალი პროექტები შევქმნათ ერთად.

სოფო ბედია:

გავხდი ჩემი უსაყვარლესი „არ დაიდარდოს“ რჩეული და ძალიან მიხარია, დიდი მადლობა ამ ნომინაციისთვის. ვულოცავ „ფორტუნას“ 20 წლის იუბილეს. სიტყვებსაც ვერ ვუყრი თავს, ისეთი ბედნიერი ვარ.

თიკა ბალანჩინი:

მადლობა ამ ნომინაციებში გამარჯვებისთვის, რადგან ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და დაგვიფასდა შრომა (იღიმის). ბედნიერი ვარ!..

დათუნა ბარნაბიშვილი:

სტიმულის მომცემია, ყველა ახალ ნაბიჯს სჭირდება წახალისება და „ოქროს ტალღა“ ნამდვილად ის პროექტია, რომელიც ამას აკეთებს.

მასტერი:

ძალიან ამაყი ვარ და მიხარია. დედაჩემს ვეუბნებოდი, რომ ძალიან მინდოდა, წლის კლიპის ნომინაცია ამეღო და პრინციპში, ეს ასეც არის, რადგან „მიუზიკბოქსის“ სპეციალური ჯილდო გადმომცეს. მადლობა მსმენელს, რადგან დავაგროვეთ შვიდ მილიონამდე ნახვა, მადლობა ნუკი კოშკელიშვილს, რომელიც ამ კლიპში მონაწილეობს და ასევე მთავარ ოპერატორს, რატი დოლიძეს. მადლობა „მიუზიკბოქსს“ და „ფორტუნას“ ჰოლდინგს.

გია დავითიანი:

ძალიან ბედნიერი ვარ, უღრმესი მადლობა ამ გენიალურ ჰოლდინგს, კონკურსს „ოქროს ტალღას“. ეს არის ჰოლდინგი, რომელიც ეხმარება მუსიკოსებს და აღიარებს მათ ნებისმიერ წარმატებას. გაუმარჯოს იმ 68 009 ადამიანს, რომელმაც ხმა მომცა, ამას არ ველოდებოდი, მადლობა ყველას!..

რეზო ბლიაძე:

ვერ ვმალავ ემოციას, როცა კარგი რადიო შეგაფასებს, როგორიც „ფორტუნა პლუსია“, ეს არის მნიშვნელოვანი. მუსიკოსები ზოგჯერ სუბიექტურები არიან და შეფასების თავიანთი კრიტერიუმები აქვთ, რადიოს აღიარება კი სულ სხვაა, „ფორტუნა პლუსი“ ჩვენსავით „დასტოინი“ რადიოა (იღიმის).

დათო ხუჯაძე:

მადლობა ხალხს, რომ ახსოვს ჯგუფი „სახე“ და მათი სიმღერები. საქმე, რასაც აკეთებს „ოქროს ტალღა“ და რადიო „ფორტუნა“, ბევრი ვერ აკეთებს. მინდა, ამ საქმემ კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინოს.

თეონა ჯორბენაძე:

ამ ჯილდოს ნამდვილად არ ველოდი, მგონი, ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ და არ მითხრეს. დიდი მადლობა „ფორტუნას“, ეს არის ჰოლდინგი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი მსმენელი. ცდილობს, სხვადასხვა გემოვნების ადამიანისთვის შექმნან რადიოსადგურები. დღევანდელი საღამო დასტურია იმისა, რომ მუსიკაში მთავარი ხარისხი და გემოვნებაა და არა ჟანრი. „ოქროს ტალღამ“ სხვადასხვა ჟანრის კარგი ხარისხის ნამუშევრები გააერთიანა.

ნინო ქათამაძე:

გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ ველოდი ამ ჯილდოს. მიმაჩნია, რომ ჩუმად ვაკეთებ ჩემს საქმეს, იმ საქმეს, რაც მიყვარს. გამიხარდა, რომ თურმე ამას აქცევთ ყურადღებას.

რაც შეეხება „ოქროს ტალღას“, ეს არის ერთადერთი მუსიკალური დაჯილდოვება და ეს არ არის ადვილი პროექტი და სამუშაო, წლის განმავლობაში შეარჩიო, მოიძიო მუსიკალური ნამუშევრები, „ოქროს ტალღა“ არის საშუალება, მუდამ ვიყოთ მოტივირებულები და ახალი რეპერტუარი წარვუდგინოთ მსმენელს. „ფორტუნა“ არის დიდი პლატფორმა ქართველი მუსიკოსებისთვის!..

სტეფანე:

ემოციებს ვერ გამოვხატავ ხოლმე იმ მომენტში, როცა რაღაც ხდება, მერე, როცა მივდივარ სახლში და ვააანალიზებ, უფრო მეტად გამოვხატავ შესაბამის ემოციებს. ახლაც ვიცი, ასე იქნება (იღიმის). ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, დიდი მადლობა ამ ჯილდოსთვის.

როცა სიმღერაზე მუშაობ, ფირობ, რომ იყოს წარმატებული, მაგრამ მერე ამას ხალხი განაპირობებს, აიტაცებს თუ არა მას.

„ოქროს ტალღაზე“ პირველ წელს ავიღე ჯილდო, როგორც წლის საუკეთესო მამაკაცმა შემსრულებელმა და ის ქანდაკება საპატიო ადგილას მაქვს შენახული.ამ ჯილდოსაც აუცილებლად მოვუძებნი ასეთივე ადგილს (იღიმის).

„ოქროს ტალღა“ დასრულებულია, თუმცა „ფორტუნას“ გუნდს წინ დიდი სამუშაო ელოდება. ოთხივე რადიოსადგური ახალი სიმღერებს ელოდება ქართველი შემსრულებლებისგან, რომ მათ თავიანთი ადგილი დაიკავონ მომავალ წელს კონკურსის ისტორიაში. მზადება უკვე დაწყებულია!..

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here