ფრანგული ჯგუფის „მოჯოს“ ვოკალისტი, მუსიკოსი იან დესტალი საქართველოში რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ 20 წლის იუბილესა და „ოქროს ტალღის“ დაჯილდოვების ცერემონიისთვის ჩამოფრინდა. ის 20 ივნისს მუსიკალური ღონისძიების სპეციალური სტუმარი იქნება.
როგორც რადიო „ფორტუნაში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მუსიკოსმა განაცხადა, ძველ სიმღერებთან ერთად, რომელთაგან ქართველ მსმენელს გამორჩეულად „Lady“ უყვარს, მან გადაწყვიტა, რომ ახალი სიმღერებიც წარმოადგინოს. მუსიკოსი საქართველოში ბევრჯერ არის ნამყოფი, გამართული აქვს კონცერტები თბილისსა და ბათუმში. „ფორტუნას“ შეკითხვაზე, ხომ არ განიხილავს ქართველ მუსიკოსებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას, იან დესტალმა უპასუხა, რომ თუკი ამგვარი შესაძლებლობა გაჩნდება, ის სიამოვნებით ითანამშრომლებს ქართველ შემსრულებლებთანაც და ერთობლივ პროექტზეც იფიქრებს.
მუსიკოსი მეგობარ გოგონასთან ერთად საქართველოში ორი დღის წინ ჩამოფრინდა. მას რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მასპინძლობს. ფორტუნასთან ერთად 18 ივნისს მოჯოს სოლისტს, ტურისტულმა კომპანიამ TBS უმასპინძლა. იან დესტალი „შატო მუხრანში“ მიიწვიეს, სადაც მას ქართველი მუსიკოსები დახვდნენ, „მოჯოს“ სოლისტმა მოისმინა მათ მიერ შესრულებული ქართული სიმღერები, თავადაც გიტარის აკომპანემენტის თანხლებით საკუთარი კომპოზიციები იმღერა, შემდეგ კი ქართველებთან ერთად საფრანგეთის ჰიმნიც შეასრულა. „შატო მუხრანის“ დათვალიერების შემდეგ სტუმრებს ადგილობრივი ღვინის დაგემოვნება შესთავაზეს, ასევე საკუთარი ხელით მოახვევინეს ხინკალი და გამოაცხობინეს ხაჭაპური. ამ პროცესით ფრანგმა მუსიკოსმა დიდი სიამოვნება მიიღო და აღფრთოვანება ვერ დამალა. გამორჩეულად ქართული ჰანგებით ისიამოვნა და პრესკონფერენციაზე აღნიშნა კიდეც, რომ ქართული პოლიფონიით მოხიბლულია.
20 ივნისს, იან დესტალი ქართველი მსმენელის წინაშე „ოქროს ტალღის“ დაჯილდოვების ცერემონიის დასრულების შემდგომ წვეულებაზე წარდგება.
ნინო მურღულია