დღეს სააპელაციო სასამართლოში იმსჯელებენ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად ნაკლებად მძიმე ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობაზე. პროცესები დღის 2 და 3 საათზეა ჩანიშნული. ოჯახის წევრებს, რეპერების ახლობლები და მეგობრები, ასევე მათ გულშემატკივრები ელიან, რომ გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილს დარბაზიდანვე გაათავისუფლებენ და ისინი საქმის განხილვას არა ციხიდან, არამედ თავისუფლებაზე მყოფები ადევნებენ თვალს.
9 ივნისს, როდესაც ქართულმა მედიამ რეპერების დაპატიმრების შესახებ შეიტყო და შესაბამისი ნიუსებიც გავრცელდა, „ბირჟა მაფიას“ კლიპს, რომლის გამოც, როგორც თავად რეპერები ამბობენ, ჩაუდეს ნარკოტიკები და დააკავეს, 100 000-მდე ნახვა ჰქონდა. შემდეგი ორი დღის განმავლობაში ნახვებმა საგრძნობლად მოიმატა და ახლა „შავ ზედას“ „იუთუბზე“ ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს. სავარაუდოდ, ის კიდევ უფრო მოიმატებს. „იუთუბზე“ განთავსებულ ქართულ მასალებს შორის ის პირველ პოზიციას იკავებს პოპულარობის თვალსაზრისით.