სოციალურ ქსელში დათო ტურაშვილის “ავტოპორტრეტის“ გავრცელებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოებამ წლების წინ შექმნილი, ტურაშვილის ნაწარმოები დადებითად შეაფასა. ავტოპორტრეტში მწერალი წერს, რომ ეშინია ქეთი დოლიძის. რასაც რეჟისორის გაღიზიანება მოჰყვა. მოგვიანებით დოლიძემ “ფეისბუქზე“ დათო ტურაშვილის საპასუხოდ სტატუსი გამოაქვეყნა.
“დათო ტურაშვილს
(გაოცებით!)
ადამიანმა ყურადღება შეიძლება არ მიაქციო, არ უნდა მიაქციო, როდესაც შენზე პასკვილს წერს, ან კბილს გაგკრავს უცხო ადამიანი, ან ბოროტი, ან ვიღაც, ვისი არსებობაც არც გაინტერესებს და მითუმეტეს მისი აზრი.
დათო ტურაშვილმა თავისი ავტობიოგრაფია გამოაქვეყნა!
წარმოუდგენელია არ შევეპასუხო ადამიანს, რომელიც, მისი უნივერსიტეტში გამოსვლის დღიდან, 90-ანების დასაწყისში, ჩემთვის აღფრთოვანების, სიხარულის და იმედის შუქურად გადაიქცა!
ის, მაშინ, საბჭოეთის საზარელ მანქანას შეებრძოლა, რადგან საქართველოს ისტორიას და მის ძეგლებს იცავდა, ითხოვდა დავით გარეჯიდან ჯარის გაყვანას! რა კარგი იყო მაშინ!!!!
ახლა, თავის ავტობიოგრაფიაში, კითხვაზე “ვის ემალებით?”- ჰოი, საოცრებავ, პასუხობს: ქეთი დოლიძეს!
ახლა მე ვუპასუხებ:
ემალებიან ადამიანს, რომელიც დაგსდევს, გეძებს, არ გასვენებს, სადმე მოგიხსენიებს და ა.შ…..
აგერ 5 თუ 6 წელია მისთვის თვალი არ მომიკრავს. არასდროს შევხმიანებივარ და არანაირი ურთიერთობა არ მქონია!
ამიტომ ვერ მივხვდი, როდის, სად და რატომ მემალება!
ახლა კი კითხვებზე პასუხების მიხედვით:
“მიკვირს – გულგრილი ადამიანების”
მე ეტყობა, დათო, შენს მიმართ “გულგრილობა” მაშინ გამოვიჩინე, როდესაც 2000 წელს, ედინბურგში, დიდი სიყვარულით, შენი წიგნის პრეზენტაცია გაგიმართე, ერთ-ერთ ყველაზე კარგ დარბაზში!
გახსოვს, რა მოხდა მაშინ?
მე მონო სპექტაკლს ვთამაშობდი, რომელზეც ყველა ბილეთი გაყიდული იყო და კონტრაქტით 22 სპექტაკლი უნდა მეთამაშა!
ერთი კვირის თავზე დამირეკეს, რომ ჩემი ძმა, თემურ დოლიძე გარდაიცვალა!
ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც დამატყდა თავს!
დაკრძალვაზე ვერ ჩამოვდიოდი და დილიდან საღამომდე ვტიროდი…
ხუთშაბათს, თბილისში დაკრძალვა იყო.
იმავე დღეს დათო ტურაშვილის წიგნის პრეზენტაცია იყო დანიშნული.
გულს ვერ ვატკენდი და მიუხედავად ყველაფრისა, ეს პრეზენტაცია ჩავატარეთ!
პასუხი კითხვაზე: “მახსოვს – თითქმის ყველაფერი”
ეს შემთხვევა და ის, როგორ მედექი ის დღეები გვერდზე, ხომ გახსოვს, დათო?
ახლა უფრო ადრე:
1997 წელს, როდესაც ფესტივალი “საჩუქარი” დაარსდა, პირველი, პიტერ ბრუკის და ვანესა რედგრეივის გვერდით, დირექტორატში შეგიყვანეთ შენ, ლაშა ბუღაძე, დათო დოიაშვილი, დათო საყვარელიძე….
მაშინაც ჩემს გვერდზე იდექი…
გახსოვს?
კითხვა: “ვინახავ – მოგონებებს” – ამ კარგ მოგონებებს რატომ არ ინახავ?
კითხვა – “მიხარია – სხვისი სიხარული” – პასუხი არაა სწორი! რატომ აღარ გიხარია ან გტკივა, ის რაც ადრე გვაკავშირებდა?
კითხვა – “მრცხვენია – ყველა ჩემი შეცდომის”
საქართველოს მოსახლეობიდან მარტო მე რომ ამომარჩიე და მემალები, ამის არ გრცხვენია?
კითხვა: “უარვყოფ – შურს და სიძულვილს” არ მჯერა, რადგან ჩემს გაუგებარ, საგანგებო გამორჩევას, სწორედ რომ სიძულვილის (?) სუნი უდის. რატომ?
კითხვა ; “მიყვარს – თავისუფლება” – არა მგონია!
პირველად გეუბნები, არსად მითქვამს: რუსთავი2-ს სახე რომ ხარ, არ შეიძლება თავისუფალი იყო და თავისუფლება გიყვარდეს!
აი, მე კი, ნამდვილად თავისუფალი ვარ, რადგან არავის არ ვემსახურები, არაფერს ვმალავ და სიყვარულიც უზომო ვიცი….
იქნებ ჩემს დისშვილებს, არველაძეებს კითხო, თუ ვარ ის ადამიანი, რომელსაც უნდა დაემალო….
“კარგი რამ მჭირდეს, მიკვირდეს, ავი რა საკვირველია!”
მე კი მუდამ მომენატრება ის გულგახეთქილი, უნივერსიტეტის ტრიბუნაზე მდგარი, უშიშარი დათი ტურაშვილი….
ასე რომ, ნუ მემალები, მე არ გეძებ!“ – წერს დოლიძე.