ქართველი ვარსკვლავები ისრაელში დაბომბვას გადაურჩნენ

0
18

ქართველი ვარსკვლავები, ანრი ჯოხაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ნინი ბადურაშვილი, სოფო გელოვანი, შორენა ბეგაშვილი და სხვები ისრაელში იმყოფებიან. ქართულ-ებრაული დღესასწაულის აღსანიშნად გამართულ კონცერტზე ისინი 1-ელ ოქტომბერს 8 000-კაციანი დარბაზის წინაშე წარდგებიან. მანამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ აშდოთში და წმინდა ადგილები მოილოცეს. გუშინ კი საკმაოდ არასასიამოვნო დღე ჰქონდათ.

როგორც ანრი ჯოხაძე ფეისბუქის გვერდზე წერს: “აშდოთში მორიგი ბომბი ჩამოაგდეს, რომელიც რადარებმა ჰაერშივე ააფეთქეს. ჩვენ კი ეს-ესაა, თავშესაფრიდან გამოვედით. ვაშა ისრაელის უძლეველ სახელმწიფოს“.

დავინტერესდით ამ ამბის დეტალებით და ნოდიკო ტატიშვილს დავუკავშირდით.

ნოდიკო:

სასწაული საღამო გვქონდა. იყო ერთი ამბავი… ჩაირთო საავარიო სიგნალი. დაცვის წარმომადგენელი საუბრობდა რადიომოწყობილობაში, რომელიც ყველა ნომერშია დაყენებული.

გვითხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა დაგვეტოვებინა ნომერი და შევსულიყავით სპეციალურ ოთახში, სადაც უფრო დაცულები ვიქნებოდით.

ისრაელი საოცარი ქვეყანაა. ამ საომარი და დაბომბვის რეჟიმის გამო დააყენეს რადარები და იმ წამიდანვე, როცა ბომბს უშვებენ ისრაელის მიმართულებით, ეს რადარი იჭერს და ანადგურებს ჰაერში. წუხელაც ასე მოხდა, რადარმა დაიჭირა, ააფეთქა და გემრიელად შევზანზარდით.

თავშესაფარში რამდენ ხანს დაჰყავით?

ეს ყველაფერი გაგრძელდა დაახლოებით 15-20 წუთს.

არ შეგეშინდათ?

მე ვიცოდი, რომ საშიში არ იყო. რადარები რომ იჭერს და ჰაერშივე ანადგურებს…

გოგონებიც არ შეშინდნენ?

სოფო გელოვანმა მთხოვა დაჟინებით, პასპორტი თან გქონდესო (იღიმის). გოგონებსაც შეეშინდათ ცოტა, მაგრამ მერე ყველამ ერთად ვნახეთ, რომ აქაური მოსახლეობა შეჩვეულია ასეთ რეჯიმში ცხოვრებას და თითქოს არც არაფერი, ძალიან ჩვეულებრივად აღვიქვამენ უკვე. თუმცა ჩემი აზრით, 21-ე საუკუნეში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს…