რამდენიმე თვის წინ, მსოფლიოს საოპერო მომღერალმა, თამარ ივერმა სოციალურ ქსელში, მისი მეუღლის, რაულ ცხადაძის პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თამარ ივერი იძულებული გახდა ფოტოები წაეშალა, რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, ამის შესახებ მომღერალი „პრაიმ ტაიმს“ ესაუბრა.
“ეს იყო ხუმრობაც და შეგნებული ნაბიჯიც. მიმაჩნია, რომ საქართველოში მამაკაცები თავის გარეგნობას ხაზს არ უსვამენ. ეს არ არის მიღებული. ათწლეულები გადის და მაინც ამბობენ, რომ ყველაზე ლამაზი მამაკაცი არის ზურა ყიფშიძე და ლამაზი ქალი – ლიკა ქავჟარაძე. კი, რაღაც მომენტში ვეთანხმები, მაგრამ ამდენი წელი გავიდა, ცივილიზაცია დაიხვეწა, ახალი სახეებიც ხომ უნდა წამოვიდნენ… ისე არ გამიგოთ, რომ პრეტენზია მაქვს ან მე ან ჩემს მეუღლეს (იღიმება), მაგრამ ვთვლი, რომ თუ ადამიანს აქვს ლამაზი სხეული, სახე და მისი აფიშირება არ ემსგავსება პორნოგრაფიას ან ეროტიკას, რატომაც არა. ყველა ლამაზმა ადამიანმა თავისი თავი უნდა წარმოაჩინოს. ამაში არაფერია დასაძრახისი. მიმაჩნია, რომ რაული ლამაზი ქართველი მამაკაცია. სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში ლამაზი ქართველი მამაკაცების სურათების წარმოჩენის შიმშილია. იმ ფოტოში არაფერი იყო ეროტიკული და პიკანტური. რაც მთავარია, ეტიკეტი დავიცავი, რომ ლამაზად წარმომეჩინა საკუთარი ქმარი“ – აცხადებს თამარ ივერი.