“Hotel Transylvania 2”, რომლის პრემიერაც პარასკევს, 25 სექტემბერს შედგა, გასული კვირის კინოგაქირავების რეკორდმენია. ანიმაციურმა ფილმმა უიქენდზე ყველა სხვა ნამუშევარი უკან ჩამოიტოვა და მისმა შემოსავალმა 76 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც გაცილებით მაღალია იმ ფილმების შემოსავალთან შედარებით, რომლებიც ეკრანებზე უკანასკნელი ორი დღის მანძილზე გამოვიდა.
თუმცა გეტყვით, რომ 76 მილიონი არ გახლავთ საბოლოო ციფრი – ამ დროისთვის მხოლოდ 4 000-მდე კინოთეატრის სალაროს შედეგებია ცნობილი. გამოცემების ვარაუდით, მომდევნო კვირას ნამუშევრის შემოსავალი გაცილებით გაიზრდება და არაა გამორიცხული სექტემბრის ყველაზე შემოსავლიანი ფილმიც კი გახდეს.
შეგახსენებთ, რომ “სასტუმრო ტრანსილვანია” პირველად ეკრანებზე 2012 წელს გამოვიდა. სათავგადასავლო ანიმაციამ მაშინ 358 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, აქედან 43 მილიონ დოლარამდე პირველ უიქენდზე.