დოჩი ალიშბაია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი პერსონაჟია. მის როლს პროფესიით ჟურნალისტი, ნანუკა გულუა ასრულებს.
„ერთი წლის წინ, მეგობრის დაბადების დღეზე სერიალის სცენარისტი, ქეთი დევდარიანი გავიცანი. როგორც ჩანს, ქეთი ჩემი იუმორით მოიხიბლა. როცა მეგრელი ქალის პერსონაჟი შექმნა, მითხრა, რომ ამ როლზე მე მომიაზრებდა. ძალიან შემეშინდა ამ შემოთავაზების, მაგრამ ქეთიმ დამითანხმა, ქასთინგზე მივსულიყავი. ვერც კი აღგიწერთ, ემოციებისგან ხმას ვერ ვიღებდი და ამდენი ცნობილი ადამიანის გარემოცვაში რომ აღმოვჩნდი, უფრო უფრო მეტად დავითრგუნე. ეკა მჟავანაძე მიხვდა, რა მდგომარეობაში ვიყავი, ცალკე ოთახში გამიყვანა და ძალიან თბილად გამამახნევა. მასთან საუბრის შემდეგ, ყველაფრისთვის მზად ვიყავი. მოკლედ ეკამ მიშველა. იმ დღესვე მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს. აი, ემოციები მაშინ უნდა გენახათ, ღამეები არ მეძინებოდა. შობას დამიბარეს გადაღებაზე და არც მიფიქრია, დღესასწაულის გამო უარი მეთქვა, ეგრევე გავქანდი. მაბედნიერებს, რომ ჩემი შესრულება მოეწონათ, მაგრამ თვითონ სერიალს ვერ ვუყურებ“ – აცხადებს ნანუკა ჟურნალ „თბილისელებთან“.
როგორც თვითონ ამბობს, სასიყვარულო ისტორიებით არ გამოირჩევა. მისი მოსაწონი მამაკაცი კარგი ხასიათით უნდა გამოირჩეოდეს, „ჩემ მიმართ სხვების მიერ გამოჩენილი ყურადღება არ უნდა აკომპლექსებდეს“. მიუხედავად იმისა, რომ გათხოვილი არ არის და არც რამე სერიოზული სტატუსი და ურთიერთობა აქვს, თავს მარტოსულად არ თვლის, რადგან ჰყავს კარგი დები, მშობლები და სამეგობრო.