ანუკი არეშიძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება უკრაინაში

0
2714

ანუკი არეშიძის კოლექციის ჩვენება უკრაინაში, Mercedes Benz-ის მოდის კვირეულზე  წარმატებით დასრულდა. დიზაინერმა ჩვენებაზე შეკრებილ საზოგადოებას 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარუდგინა. კიდევ ერთი წარმატებული ჩვენების და სამომავლო გეგმების შესახებ, ანუკი არეშიძე თავად გვესაუბრა.

გვიამბეთ ჩვენების შესახებ, როგორ ჩაიარა ახალი კოლექციის წარდგენამ უკრაინაში?

– კიევში, მონაწილეობა მივიღეთ Mercedes Benz-ის მოდის კვირეულზე და წარმოვადგინეთ 2017 წლის გაზაფხული / ზაფხულის კოლექცია. წარმოდგენილი იყო 29 look-ი, აღსანიშნავია ის, რომ ყველა მოდელს ეცვა განსხვავებული ფორმის და ფერის ფეხსაცმელი, რაზეც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით. რატომ კიევი? უკვე მეორე წელია კიევის მოდის კვირეულმა შეცვალა გრაფიკი და მსოფლიოს მთავარ მოდის კვირეულებამდე 2 კვირით ადრე ტარდება. სწორედ კიევის მერე იწყება ნიუ-იორკის, ლონდონის, მილანის და პარიზის მოდის კვირეულები. სწორედ ამ პერიოდში, მილანსა და პარიზში, ჩვენი ბრენდი ყოველ სეზონზე წარადგენს კოლექციას, უკვე არა ჩვენების არამედ შოურუმის სახით, რათა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა მაღაზიებმა და პრესის წარმომადგენლებმა შეაფასონ და შეუკვეთონ კოლექცია, ამ დროისათვის ჩვენ მათ უკვე წარვუდგენთ ჩატარებული ჩვენების ფოტოებს, პრეს-მასალას და შეფასებებს, ასევე როგორც დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია ჩემი იდეები და მომავალი სეზონის ხედვა მაქსიმალურად ადრე წარმოვადგინო.

– როგორც წესი მუდმივად დადებითად აფასებენ თქვენს კოლექციას უკრაინაში, ამჯერად როგორი შეფასებები მიიღეთ?

– კოლექციის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, დადებითი შეფასებები მივიღეთ როგორც ადგილობრივი, უკრაინული პრესის (Vogue, Elle, Harper’s Bazaar, L’Officiel) წარმომადგენლებისგან, ისინი ჩვენების დასრულების შემდეგ პირადად შემხვდნენ. ყველამ აღნიშნა, რომ სეზონიდან სეზონამდე ბრენდი ძალიან სწრაფად ვითარდება – ჰარმონიულად არის შეხამებული დიზაინერისთვის დამახასიათებელი ხელწერა, მსოფლიო ტრენდებთან და მოხმარებლის მოთხოვნასთან. ასევე უცხოური მაღაზიების წარმომადგენლებმა, რომლებიც კვირეულს ესწრებოდნენ, ჩვენების შემდეგ ადგილზე დაათვალიერეს კოლექცია, დადებითად შეფასეს და ჩვენი მაღაზიების სიას, მომდევნო სეზონიდან კიდევ რამოდენიმე ავტორიტეტული სახელი შეემატება.  შეფასებებს რაც შეეხება – განსაკუთრებული აღფრთოვანება და მოწონება გამოხატა ამერიკული Vogue-ს ჟურნალისტმა და მოდის კრიტიკოსმა, რომელიც კიევში წარმოდენილი კოლექციების მიმომხილველია და საბოლოო შეფასებებს კვირეულის დასრულების შემდეგ დაწერს. სწორედ ამ ჟურნალის მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყო და მნიშვნელოვანია, მათ შორის ამერიკული Vogue-ს რედაქტორმა ანა ვინტურმა, ჩვენი კოლექცია უკვე ნახა თებერვალში, მილანის შოურუმში და დადებითად შეაფასა

– რამდენი ხანი მუშაობდით ამ კოლექციაზე?

– კოლექციაზე მუშაობა მაისში დაიწყო და თითქმის 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტრადიციულად, კოლექციაში გამოვიყენე ქსოვილები – იტალიიდან, საფრანგეთიდან,  შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, ასევე იაპონიიდან. დიდ ყურადღებას ვაქცევ დეტალებს, როგორიც არის ღილები, თასმები, ნაქარგები, რაც საბოლოოდ კრავს მთლიან კოლექციას და აძლევს საბოლოო განწყობას.

– რითი იყო ეს ჩვენება და კოლექცია გამორჩეული წინა კოლექციებისგან? –

– კოლექცია გამორჩეული იყო იმით რომ, გარდა ჩემი იდეების და ინსპირაციის ნამუშევრებში გადმოტანისა, მომიწია ფიქრი კოლექციის კომერციულ მხარეზეც – ANOUKI უკვე ბევრ ქვეყანაში იყიდება და მიწევს ფიქრი ამ ქვეყნებში მცხოვრებ ქალბატონებზე, ვის როგორი ჩაცმის კულტურა აქვს, რა ფერებს ანიჭებენ უპირატებოსას, ასევე ქსოვილების შერჩევისას ვითვალისწინებ, იმ ქვეყნების ამინდს კონკრეტულ სეზონზე, სადაც ჩემი ბრენდია წარმოდგენილი, რადგან მაგალითად ძალიან განსხვავებული ამინდია გაზაფხულზე თუნდაც დუბაიში და კიევში, შესაბამისად, კოლექციაში ყველანაირი ამინდისთვის შესაფერისი ქსოვილების ჩართვა მიწევს. ბრენდს აქვს უკვე თავისი სტილი და ამ სტილს არცერთ კოლექციაში არ ვღალატობ, თუმცა რა თქმა უნდა, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე ბევრ დეტალს ვითვალისწინებ”

– სამომავლო გეგმები რა გაქვთ?

– როგორც გახსოვთ თებერვალში ANOUKI შერჩეული იქნა VOGUE ITALIA-ს და ონლაინ-მაღაზია YOOX-ის მიერ, და დასახელდა 10 დიზაინერს შორის როგორც BEST NEXT TALENT. ამ სეზონზე კი, ლეგენდარულმა კომპანიამ PITTI, რომელიც 1972 წლიდან მოდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ავტორიტეტული ორგანიზაციაა და უამრავი ცნობილი დიზაინერის საწყისი პლატფორმა იყო, ჩვენი ბრენდი დაასახელა 10 საუკეთესო აღმოსავლეთ ევროპელ დიზაინერს შორის და მიგვიწვიეს მილანში, თავიანთ შოურუმში PITTI SUPER, რომელიც 24 სექტემბრიდან გაიმართება, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში. ასევე სწორედ ამ პერიოდში, ANOUKI-ის კოლექციის გაყიდვა დაიწყება მილანში, მსოფლიოში ცნობილ სავაჭრო ცენტრში La Rinascente. მილანის შემდეგ, ტრადიციულად ANOUKI წარმოდგენილი იქნება პარიზში, სადაც 1 კვირის განმავლობაში, სეზონის შეჯამება მოხდება და მაღაზიებთან საბოლოო შეკვეთები გაფორმდება.  ასევე ANOUKI-ის მიმართ დაინტერესება იზრდება დიდ ბრიტანეთში: ჩვენი პროდუქცია უკვე იყიდება ბრიტანულ ონლაინ-მაღაზიაში Avenue 32.  ასევე ჟურნალ InStyle-ს ბრიტანულმა გამოცემამ, რომელიც ამ თვეში დაარსებიდან 15 წელს აღნიშნავს, ANOUKI დაასახელა, მომავლის საუკეთესო 15 დიზაინერს შორის.  ANOUKI-ის პროდუქციის ფოტოები ასევე დაიბეჭდა ბრიტანულ Vogue-ში, Elle-ში და Marie Claire-ში, სეზონის საუკეთესო ნივთების კატეგორიაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here