ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ 18 აგვისტოს, პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, კონცერტს გამართავენ. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
კონცერტთან დაკავშირებით, 18 აგვისტოს, სასტუმრო „მგზავრებში“ პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს დაგეგმილ კონცერტზე და სამომავლო გეგმებზე. ჯგუფის ხელმძღვანელის, რეზო ბლიაძის განცხადებით, კონცერტზე შედგება მათი ბოლო ანიმაციური კლიპის, „ველოსიპედის“ პრეზენტაციაც, რომელიც სტუდიამ „ველოსიპედი“ დაამზადა, ხოლო ტექსტისა და მუსიკის ავტორი თავად რეზო ბლიაძეა. უახლოეს მომავალში ჯგუფი ალბომის გამოშვებას და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კონცერტების ჩატარებასაც გეგმავს.
“მადლობას ვუხდი პროექტის ორგანიზატორებს, რადგან მართლაც მნიშველოვანია ასეთი მასშტაბური კონცერტის ორგანიზება და ის, რომ ამ პროექტში ვიღებთ მონაწილეობას. ძალიან დიდი მადლობა „Check in Georgia“-ს რომ მოგვეცა საშუალება მაღალი დონის აპარატურაზე და „საუნდზე“ გავტესტოთ ჩვენი შესაძლებლობები“ – განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა.