რამდენიმე დღი წინ სტამბოლში “მანგოს“ ყოველწლიური გრანდიოზული ჩვენება გაიმართა, რომელიც სუპერმოდელმა, ანა ბეატრის ბაროსიმ გახსნა. ეს ჩვენება ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იმით გამოდგა, რომ პოდიუმზე ქართველი მოდელიც გამოდიოდა, 16 წლის ლამაზმანი, ანა შელია, რომელიც “ჯეომოდელსის“ მოდელი გახლავთ.
ანას 14 წლიდან გაფორმებული აქვს კონტრაქტი თურქულ სააგენტო “Option Model Management”-თან და სწორედ მათგან მიიღო ზემოაღნიშნული მიწვევა. გარდა ამისა, რამდენიმე ევროპულ სამოდელო სააგენტოსთანაც აკავშირებს კონტრაქტები, თუმცა როგორც განგვიმარტეს, 16 წლამდე საზღვარგარეთ მოდელებისთვის მუშაობა პრობლემებს უკავშირდება, რადგან მათგან პირადობის მოწმობებს ან პასპორტებს ითხოვენ. ამის მიუხედავად, ანამ რამდენიმე ჩვენებაში მცირე ასაკიდანვე მოასწრო მონაწილეობა, მათ შორის ვალენტინ იუდაშკინის ჩვენებაზე იტალიაში, ასევე გამოვიდა მილანის მოდის კვირეულზე და გადაიღეს ცნობილი ლიბანელი დიზაინერის, ზუჰაირ მურადის ლუქბუქშიც.
შემდეგ ანას მცირე პაუზა ჰქონდა, იანვრიდან კი ევროპაში ელოდებიან სააგენტოები საინტერესო შეთავაზებებით.
ანას დედას, ლიკა კვარაცხელიას ვკითხეთ, რა პერსპექტივა აქვს ქართველ გოგონას საზღვარგარეთ.
ლიკა კვარაცხელია:
რაც შეეხება შანსებს – ზოგადად, ევროპულ ბაზარზე ახლა ცოტა უცნაური გარეგნობის გოგონებს ითხოვენ. კალსიკური სილამაზის გოგონებს – ნაკლებად. ანას ლონდონშიც ჰყავს სააგენტო, მილანშიც და პარიზშიც, მათთან კონტრაქტები აკავშირებს. ძალიან მოსწონთ და ელოდებიან. იანვრიდან უკვე გაემგზავრება. ვნახოთ.
ანასაც დავუკავშირდით იმის გასაგებად, როგორ ჩაიარა “მანგოს“ ჩვენებამ და თუ მოახერხა “Victoria’s Secret”-ის სუპერმოდელის, ანა ბეატრის ბაროსის გაცნობა.
ანა შელია:
ჩვენებაც კარგად ჩაიარა. ანამ ის გახსნა და დახურა. გვერდით მეჯდა, როდესაც მაკიაჟს მიკეთებდნენ. სუში მოუტანეს, შემომთავაზა და მე დაშტერებული სახით ვუყურებდი (იღიმის).
ახლაც სტამბოლში ხარ?
ახლა სააგენტოში ვარ. ახალ ფოტოებს მიღებენ.