ქართველები რომ ემოციური ხალხი ვართ, ეს ახალი ამბავი არაა. შოუბიზნესურ წესებთან შეგუებაც არ წარმოადგენს პრობლემას. თუკი სხვა ქვეყანაში ცხოვრობ და იქაურ შოუბიზნესში მუშაობ, მით უმეტეს ცდილობ ყურადღების მიპყრობას, სკანდალები კი ამ სფეროში ყველაზე კარგად მუშაობს.
დღეს ამ მხრივ გამორჩეული ქართველების ხუთეულს წარმოგიდგენთ.
თინა კანდელაკი – რუსეთში მისი სახელი და გვარი ყველას პირზე აკერია. გადაცემა “დეტალებიდან“ მოყოლებული, თინა კანდელაკმა არნახული პოპულარობა, ასეთივე შემოსავლები და საეჭვო რეპუტაცია მოიპოვა, პუტინის ზედმეტი სიყვარულისა და რამზან კადიროვთან ხშირი მეგობრული ვიზიტების გამო.
ახლახან მას ახალი სპორტული არხის, “მატჩ ტვ“-ის ხელმძღვანელობა ჩააბარეს. ფლობს საკუთარ კომპანია “აპოსტოლს“, მისი შემოსავალი უკვე დიდი ხანია, აჭარბებს რამდენიმე მილიონს.
ხატია ბუნიათიშვილი – დაგვეთანხმებით, რომ დღევანდელ მსოფლიოში კლასიკური მუსიკის ვარსკვლავად გადაქცევა არცთუ მარტივია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამგვარ მუსიკას უფრო ნაკლები მსმენელი ჰყავს. ამის მიუხედავად, ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, თავის ყოველ გამოჩენას საზოგადოების წინაშე საინტერესოს ხდის. პირველ რიგში, ყოველთვის განხილვის საგანია მისი ჩაცმულობა. ქართულ ტელეპროექტ “ნიჭიერში“ ის რამდენჯერმე გამოჩნდა ძალიან ღრმა დეკოლტეთი და ბიუსტჰალტერის გარეშე, რითაც შემდეგი ერთი კვირა ყვითელი პრესა აალაპარაკა. ის საკუთარ კონცერტებზეც შილიფად ჩაცმული ცხადდება, რითაც ფოტოგრაფების სასურველ “საკბილოს“ წარმოადგენს.
ქეთა თოფურია – ყველას ახსოვს, თავისი მოსკოვური კარიერის პირველ ეტაპზე, როგორ გამოქვეყნდა ქეთას შიშველი ფოტოები ერთ-ერთი გაზეთის, “სპიდის“ გარეკანზე, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია. მოგვიანებით ქეთამ აღნიშნა, რომ ფოტოგრაფმა ის მოატყუა და სინამდვილეში შიშველი მკერდი არ უნდა გამოჩენილიყო. ბევრი ისაუბრეს მისი პლასტიკური ოპერაციების შესახებაც. მოგვიანებით, ერთ-ერთ გადაცემაში, მას კამერის წინაშე მკერდიც მოუსინჯეს, იმის დასადასტურებლად, რომ ის ნამდვილია.
ბოლოს ის რუსეთში იმის გამო გააკრიტიკეს, რომ შვილის გაჩენა ამერიკაში გადაწყვიტა და არა რუსეთში. რაც შეეხება საქართველოს, ქეთას აქაც შეხვდა კრიტიკა, როდესაც “სამშობლოს დაცვის დღეზე“ “Нам нужна одна победа” შეასრულა. ეს საკითხი დიდხანს განიხილებოდა მის სამშობლოში.
თამთა გოდუაძე – საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გოგო ქართველია. მომღერალ თამთა გოდუაძეს 14 წლის ასაკში დაწყებული პირადი ცხოვრების შესახებ დიდი ხანია, აღარ სურს ლაპარაკი, თუმცა ჟურნალისტები მაინც ხშირად ახსენებენ.
საქართველოში მეტ-ნაკლებად მშვიდად ყოფნის საშუალება აქვს, საბერძნეთში კი ვარსკვლავობას ნამდვილად გრძნობს. ხშირად ვრცელდება პაპარაცების გადაღებული ფოტო თუ ვიდეოკადრები. თუკი მის გვერდით მამაკაცი გამოჩნდა, ეს მედიის ყურადღების გარეშე არასდროს რჩება. თამთა სხვადასხვა ღონისძიებაზე თითქმის შიშველი ცხადდება და თაყვანისმცემლებს შესაშური სხეულის უკეთ დათვალიერების საშუალებას აძლევს.
თამარ ივერი – თამარ ივერის შესახებ ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული საუბრობდნენ. ამბობდნენ, რომ გზა სწორედ აბაშიძემ გაუკვალა. მოგვიანებით, ერთ-ერთ საჟურნალე ინტერვიუში ცნობილმა ოპერის მომღერალმა ამ თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დაფინანსება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონკურსისთვის აჭარის მაშინდელმა ლიდერმა ქალაქის მერს დაავალა. სხვა ჭორებს კი, რომლებიც მათთან დაკავშირებით ვრცელდებოდა, არანაირი საფუძველი არ ჰქონია.
თამარ ივერი თავისი განცხადებების გამო არაერთხელ გაუკრიტიკებიათ. ერთ-ერთის გამო ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილიც დაუპირისპირდა, როდესაც ღია წერილში LGBT პირების შესახებ უარყოფით კონტექსტში ისაუბრა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი წერილი, რომელიც ჰომოფობიურად მონათლეს, მსოფლიოს წამყვან თეატრებში გადაგზავნეს და რეაგირება მოითხოვეს. ამბობდნენ, რომ ამის გამო საოპერო შემსრულებელს პრობლემები შეექმნა… მოგვიანებით, თამარ ივერმა საკუთარი გამონათქვამების გამო ბოდიში მოიხადა.